პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი მალე ლატვიაში განლაგებულ სამხედრო კონტინგენტს გააძლიერებს.
კამიშმა ლატვიაში ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ივნისში პოლონეთი ბალტიის სახელმწიფოში განლაგებული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას 190-დან 300-მდე გაზრდის. მინისტრის თქმით, ქიმიური ბრძოლისგან დასაცავად პოლონეთი "სპეციალიზებულ დანაყოფს" გაგზავნის.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ როგორც ბალტიის ქვეყნებში NATO-ს ალიანსის "გაძლიერებულ წინა განლაგებაში" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, პოლონეთი "აშკარა სიგნალს" გზავნის აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაში თავის პროაქტიულ როლთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, პოლონეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მშპ-სთან შედარებით თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავს და მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა შეიარაღების გაზრდის მხრივ. ამასთანავე, მარტის თვეში პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ოტავას კონვენცია დატოვეს, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს.
"ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენი ქვეყნები საკუთარი ტერიტორიებისა და თავისუფლების დასაცავად ყველა აუცილებელი ზომის მიღებად მზად არიან" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
რუსეთისგან წამოსული საფრთხის ზრდის ფონზე კონვენციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ფინეთმაც, რომელიც ასევე აპირებს, თავდაცვის ხარჯის მშპ-ს 3%-მდე გაზარდოს.
ამავდროულად, 21 მარტს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოება განაახლოს.
"პოლონეთი და ჩვენ მეზობლები არ უნდა შეიზღუდონ ისეთი კონვენციებით, რომლებიც შეაფერხებს შეკავებისა და თავდაცვით პოლიტიკას". - თქვა კოსინიაკ-კამიშმა.