საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 აპრილს ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ასევე ევროკავშირის წევრი სლოვაკეთისა და EU-ს კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთის ლიდერები მიიწვია ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
"რაც ჩვენ ასევე ძალიან გარკვევით განვიხილეთ, და სხვადასხვა ქვეყნის მიერ ითქვა, არის ის, რომ 9 მაისის აღლუმში ან მოსკოვში ღონისძიებებში ნებისმიერი სახით მონაწილეობის მიღებას ევროპულ მხარეს სერიოზულად მოვეკიდებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს". - განუცხადა კალასმა რეპორტიორებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სურს, პუტინის მთავრობის მასპინძლობით გამართულ ღონისძიებებში იმ ქვეყნებმა მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.
რუსეთში დაგეგმილი აღლუმის პარალელურად, უკრაინამ, თავის მხრივ, ევროკავშირის ლიდერები და მაღალჩინოსნები 9 მაისს კიევში მიიწვია, ხოლო კალასმა უკრაინული მხარის ინიციატივას მინისტერიალის შეხვედრის შემდეგ მხარი დაუჭირა:
"მე ასევე მოვუწოდე ყველა წევრ სახელმწიფოს, მაგრამ ასევე ინსტიტუციების წარმომადგენლებს, რამდენადაც შესაძლებელია, კიევს ესტუმრონ, რათა ვაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა და ის, რომ უკრაინის გვერდით ვართ". - თქვა კალასმა.