ქალაქი სუმის ცენტრზე რამდენიმე დღის წინ მიტანილი იერიშის შემდეგ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურს, ვოლოდიმირ არტიუხს თანამდებობიდან ათავისუფლებენ.
ცნობა, არტიუხის გათავისუფლების შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ტარას მელნიჩუკმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის გათავისუფლებაზე შეთანხმდა. მას ამ თანამდებობაზე ოლეგ გრიგოროვი ჩაანაცვლებს.
ამ ცვლილებების ძალაში შესაყვანად საჭიროა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი განკარგულება გასცეს. უკრაინული მედია Суспiльне წერს, რომ ზელენსკიმ არტიუხს ათავისუფლებს.
13 აპრილს რუსეთმა ქალაქი სუმის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა. იერიშის დროს ქალაქის ცენტრში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 35 ადამიანი. მათი უმრავლესობა ისხდა ტროლეიბუსში, რომელიც დარტყმის წერტილის მახლობლად გადაადგილდებოდა. დაშავებულთა რიცხვმა 125-ს მიაღწია.
სუმის მახლობლად მდებარე ქალაქის, კონოტოპის მერმა, არტიომ სემენიხინმა სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვოლოდიმირ არტიუხი დაადანაშაულა, რომ მან უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 117-ე ბრიგადის დაჯილდოების ცერემონია ქალაქის ცენტრში გამართა. არტიუხმა დაადასტურა, რომ ცენტრში სამხედროების დაჯილდოება მართლაც ტარდებოდა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ ამ ღონისძიების ინიციატორი თავად არ ყოფილა. სემინიხინის თქმით, დაწყებულია გამოძიება, თუ ვინ დაგეგმა მსგავსი ღონისძიება ქალაქის ცენტრში.
14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმის სამიზნე ოპერაციულ-ტაქტიკური ჯგუფი "ჩრდილოეთის" მეთაურობა იყო. მათი მტკიცებით, იერიშის შედეგად მოკლულია 60-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო.





