წინა ხელისფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

"ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს პარლამენტს" – ჯაფარიძე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა

ტაბულა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა. 

როგორც ჯაფარიძე წერს, კომისიაზე არ მივიდა, რადგან არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და არც დაკომპლექტებულ პარლამენტს. 

"მაგისტრ მოსამართლესთან მქონდა გამოკითხვა, დაადასტურეს, რომ მე ვარ და შემდეგ იყო ალბათ, 5-6 კითხვა, რომლითაც ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, მქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გამოძახებული ვიყავი კომისიაზე, რაზეც დავუდასტურე, რომ ვიყავი, მაინც აზუსტებდნენ, „მესიჯი მივიღე თუ არა“.

საბოლოო ჯამში, როცა გაარკვიეს ინფორმაცია, ერთადერთი კითხვა დამისვეს, რატომ არ მივედი იმ რაღაც ცირკის დაძახებულზე.

ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების იმ შედეგებს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და, შესაბამისად, დაკომპლექტებულ პარლამენტს და შემდეგ დაკომპლექტებულ მთავრობას.

გვყავს უზურპატორი ხელისუფლება, რუსების მიერ დასმული, მათ აღიარებს მარტო „ჰამასი“, „ჰესბოლა“, ვენესუელა, ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არიან რუსების სატელიტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს.

ვუთხარი, რომ მე პრინციპულად ვდგავარ ცივილიზებული, დასავლური სამყაროს, თავისუფლების მხარეს და არც ერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამით დაამთავრეს და წამოვედი". - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

ჯაფარიძე "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში 11 აპრილს დაიბარეს. 

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

კომენტარები