იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების მიერ წარდგენილ ანტინარკოტიკულ კანონპროექტს III მოსმენით მხარი დაუჭირეს.
ცვლილებების მიხედვით, 45-ე მუხლის მე-7 ნაწილი: თუ პირის გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა: მარიხუანა ან მცენარე კანაფი), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატება და პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი კომისია განიხილავს დაენიშნოს თუ არა ნარკოდამოკიდებულ პირს სავალდებულო მკურნალობა, რის შემდეგაც მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ანტინარკოტიკულ კანონპროექტს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე 4 აპრილს დაუჭირეს მხარი.
10 მარტს ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. კერძოდ:
მარიხუანას შემთხვევაში, თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა გამომშრალი 500 გრამი მარიხუანას ფლობა, ახლა იგივე 250 გრამზე იქნება. ნედლ მდგომარეობაში აქამდე 1 000 გრამი იყო, კანონპროექტის მიხედვით, კი 500 გრამი იქნება.
რაც შეეხება კოკაინს (ფუძე და მარილები), თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა 6 გრამი კოკაინი, კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა 3 გრამი გახდება.
თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინი 0,12 გრამი იყო, ახალი კანონით 0,06 გრამი იქნება.
პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობა - აქამდე 50 გრამი, ახალი კანონით, 25.
ტეტრაჰიდროკანაბინოლები (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) აქამდე - 5 გრამი, ახალი კანონით - 2.5 გრამი.
თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით კეტამინი 10 გრამი იყო, ახალი კანონით 5 გრამი იქნება.
პრეგაბალინი - აქამდე 60 გრამი, ახალი კანონით - 30 გრამი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების მიერ წარდგენილ ანტინარკოტიკულ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირეს. ცვლილებას 83 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.





