აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ 13 აპრილს უკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და მას "საშინელი" უწოდა.
"ვფიქრობ, რომ ეს საშინელი რამ იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს, თუმცა ეს საშინელი რამ არის. ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა". - თქვა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ყოფნისას.
"ეს ომი სირცხვილია. მილიონობით ადამიანი, რომელიც ცოცხალი უნდა იყოს, მკვდარია, ქალაქები განადგურებულია მთელ უკრაინაში. მთელი კულტურა გაქრა". - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, "ტაძრები, ეკლესიები, გუმბათები, ყველაფერი, რაც უკრაინაში ჰქონდათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყო" და ახლა მათი უმეტესობა დანგრეული და აფეთქებულია.
აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი წარსული განცხადება, რომ მისი პრეზიდენტობის შეთმხვევაში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს არ დაიწყებდა.
ცნობისთვის, 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ სარაკეტო იერიშს 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 119 ადამიანი.





