მედია კავკაზკი უზელი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 17 წლის ახალგაზრდას, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმისას მოკლეს, წარსულში ერთ-ერთ სამართალდამცავთან კონფლიქტი ჰქონდა. პოლიციელის ნამდვილი სახელი არ არის გასაჯაროებული, სტატიაში ის მოხსენიებულია როგორც ვ.
"პოლიციელი აშკარად პროვოცირებას უკეთებდა ახალგაზრდას, ამცირებდა მას სხვა ადამიანების თანდასწრებით, შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდა". – ამბობს გამოცემის წყარო.
წყაროს თქმით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ, 17 წლის მოზარდმა მჩაგვრელი სამართალდამცველის განრიგი შეისწავლა და პოლიციის პოსტთან ჩასაფრდა.
ახალგაზრდამ ჩასაფრებიდან ვერ შეამჩნია, რომ მისმა მჩაგვრელმა, ცვლის გადაბარებისას ადგილი გაუცვალა თავის კოლეგას, რამზან დუბაევს, რომელიც 17 წლის ბიჭმა ვ.-დ მიიჩნია და ზურგში დანა ჩაარტყა.
ვ.-მ ცეცხლი გაუხსნა თავდამსხმელს და ადგილზე მოკლა, ხოლო დაჭრილი დუბაევი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც მედიის რესპოდენტი ამბობს, ვ. რუსეთ-უკრაინის ომიდან ახალი დაბრუნებულია. ომამდე ის პოლიციიდან გაათავისუფლეს, ვ. ფრონტზე საკუთარი ნებით წავიდა, ხოლო უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ პოლიციაში სამსახური დაიბრუნა. ხშირად უფროსობა მის აგრესიულსა და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას მოსახლეობის მიმართ ომში მონაწილეობით ამართლებდნენ.
10 აპრილს ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა NIYSO-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ქალაქის მოედანზე დემონსტრაციულად დაგდებული ახალგაზრდა კაცის გვამი.
მედიის ინფორმაციით მოკლული თავდამსხმელის ცხედარი მოედანზე კადიროველებმა მიიტანეს, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათ შორის სტუდენტები და პენსიონერები მოედანზე ორგანიზებულად მიიყვანეს.
16-წამიანი ვიდეო ქალა აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციის შენობასთან არის გადაღებული.
ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, სხეული მიტინგის დასრულების შემდეგ კიდევ რამდენიმე საათით დატოვეს.
რამზან კადიროვის თქმით, თავდამსხმელის უკან უკრაინული სპეცსამსახურები დგას. ჩეჩნეთის ლიდერმა ასევე მოითხოვა, რომ დამნაშავის ოჯახის წევრები რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გააძევონ.
"შსს-მ და როსგვარდიამ, ფსბ-სთან ერთად, რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გააძევოს დამნაშავეების მამები და შვილები". – თქვა კადიროვმა.
შემთხვევას გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი. მისი თქმით, ინფორმაციას ოპოზიციური მედიები ავრცელებენ, რომლებიც "ნდობას არ იმსახურებენ".