რუსეთი

ალაუდინოვი, რომელიც თვეების წინ რუს ნეონაცისტს შეხვდა, ფაშისტებს სატანისტებს ადარებს

კადრი აპტი ალაუდინოვის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილე აპტი ალაუდინოვი კვლავ ირწმუნება, რომ რუსეთი სატანიზმის წინააღმდეგ იბრძვის, სატანისტებსა და ფაშისტებს აიგივებს და კაცობრიობას "ფაშიზმის სიბინძურისგან" გაწმენდვას ჰპირდება. თუმცა, სულ რამდენიმე თვის წინ, ალაუდინოვი პირადად შეხვდა რუსული ნეონაცისტური სამხედრო ჯგუფი რუსიჩის მეთაურს, ალექსეი მილჩაკოვს, რომელიც ღიად ამბობს, რომ ნაცისტია. 

"სინამდვილეში, დღეს მსოფლიო სატანისტებმა შთანთქეს და ის დღეს დიდწილად სატანისტების ხელშია, რომელთაც შეგვიძლია ფაშისტებიც ვუწოდოთ, რადგან ფაშისტები იგივე სატანისტები არიან. ამ სამყაროს ნელ-ნელა თვითლიკვიდირებისკენ მიაქანებენ.

ახლა შეკითხვა. შევძლებთ თუ არა გამარჯვებას მანამ, სანამ მსოფლიოში თავად სატანისტურ იდეოლოგიას არ დავამარცხებთ? არა. 

სინამდვილეში, მე ვთვლი, რომ რუსეთი მართლაც ღვთის მიერ რჩეულია. ეს არის ერთადერთი კუნძული, რომელზეც დღეს ღვთისნიერი ღირებულებებია შენარჩუნებული. ეს არის ერთადერთი კუნძული, რომელზეც სატანისტური ღირებულებები არაა მისაღები.

დღეს ჩვენ სწორედ ის მექანიზმი ვართ, რომელიც კაცობრიობას ფაშიზმის სიბინძურისგან გაწმენდს. ანუ ეს არის მისია, რომელიც ჩვენთვის ღმერთის მიერაა დავალებული." - წერს ალაუდინოვი.

ჩეჩნებისა და კადიროველების მრავალხნიანი კრიტიკის მიუხედავად, მილჩაკოვი 6 იანვარს რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაურსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილეს, აპტი ალაუდინოვს შეხვდა. ალაუდინოვი გავრცელებულ ვიდეოში ამბობდა, რომ ისაუბრეს თუ რა სახის ნაციონალისტი იყო მილჩაკოვი და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ აქვთ საერთო ქვეყანა, საერთო მტერი და საერთო ინტერესები. რუსიჩის მეთაურმა ამავე ვიდეოში თქვა, რომ ალაუდინოვთან "საერთო ენა" გამონახეს და მომავალში ითანამშრომლებდნენ. მილჩაკოვი ირწმუნებოდა, რომ კადიროველების სპეცრაზმის მეთაურთან შიშისა და ზეწოლის გამო არ მისულა. რუსი ულტრანაციონალისტების მხრიდან კრიტიკის შემდეგ რუსიჩის მეთაურმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ საკუთარი გადასაწყვეტია ვის შეხვდება და "მეგობრობის გამოწვდილ ხელზე" უარი "თვითგანდიდების გრძნობების" გამო არ უნდა ითქვას. ვრცლად - კადიროველებისა და რუსი ნეონაცისტების შერიგება – ალაუდინოვი რუსიჩის მეთაურს შეხვდა.

კომენტარები