11 აპრილს რამშტაინის ფორმატის შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილმა თქვა, რომ შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის დამატებით ახალ €21-მილიარდიან სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ.
ჰილმა განმარტა, რომ ამ დახმარებაში შედის ის €4.5-მილიარდიანი სამხედრო პაკეტი, რომელსაც გაერთიანებული სამეფო უკრაინას მიმდინარე წელს გადასცემს.
ასევე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ აქამდე დაანონსებულ დახმარებასთან ერთად გერმანია უკრაინას დამატებით €11-მილიარდიან სამხედრო დახმარებას 2029 წლამდე გადასცემს.
პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რუსეთის აგრესიული ნაბიჯების ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა .
"[ახალი სამხედრო პაკეტები] დაგვეხმარება ჩვენი ცის დაცვაში და პოზიციების გამყარებაში ბრძოლის ველზე. მადლობა, გერმანია, რომ ჩვენს გვერდით ხართ. ერთად უზრუნველვყოფთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას ევროპაში" - დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელ X-ში





