რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კალასი: რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაციას ახდენს

კაია კალასი
Olivier Matthys/EPA-EFE

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაციას ახდენს. ამის შესახებ კალასი BBC Radio 4-ს ესაუბრა.

კალასის თქმით, რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე და განსაკუთრებით, მშვიდობიან მოსახლეობაზე "ომის დაწყების შემდეგ ყველაზე უფრო მომაკვდინებელია".

"ნათელია, რომ რუსეთი ესკალაციას ახდენს. მშვიდობისთვის ორი მხარეა საჭირო, მაგრამ ომის სურვილი შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთ მხარეს ჰქონდეს და ნათელია, რომ ომი რუსეთს სურს". - თქვა კალასმა.

ამასთან, ჟურნალისტმა კალასს კითხვა დაუსვა ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც კალასმა აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებული ომის "მთავარი სპონსორია". კითხვაზე პასუხის დროს, კალასმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ორმაგი დანიშნულების საქონლის 80%-ი რუსეთში ჩინეთის გავლით ხვდება.

"ნათელია, რომ თუ ჩინეთი ომის წინააღმდეგი იქნება, მაშინ ეს ომი მარტივად დასრულდება. ჩინეთის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ომის მსგავსი მასშტაბით გაგრძელებას". - თქვა კალასმა.


მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 აპრილს თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე. მან სოციალურ ქსელში ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეოც გამოაქვეყნა.

ზელენსკის განცხადების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ცნობები უარყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ბრალდებას, რომ უკრაინაში, რუსეთის მხარეს ჩინეთის ბევრი მოქალაქე იბრძვის, "უსაფუძვლო" უწოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქის ტყვედ აყვანას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობები "შემაშფოთებელია".

"შემაშფოთებელია ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა, შემაშფოთებელია, რომ ჩინელი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს – ჩვენი გვაქვს ცნობები, რომ უკრაინამ ტყვედ აიყვანა ჩინეთის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ჩინეთი აგრძელებს საკვანძო მხარდამჭერი როლის შესრულებას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთი უზრუნველყოფს ორმაგი დანიშნულების ნივთების თითქმის 80%-ის მიწოდებას, რაც რუსეთს ომის გასაგრძელებლად სჭირდება". - თქვა ბრიუსმა.

კომენტარები