აშშ

სტენფორდის უნივერსიტეტის შენობის დაკავების გამო პროპალესტინელ სტუდენტებს ბრალი წარედგინათ

REUTERS/Carlos Barria

აშშ-ს სტენფორდის უნივერსიტეტის ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს 2024 წლის ივნისში პალესტინის მხარდამჭერი აქციის დროს უნივერსიტეტის შენობის დაკავებისა და მისი დაზიანებისთვის ბრალი წარედგინათ.

სანტა კლარას ოლქის პროკურატურის განცხადებით, თორმეტი სტუდენტი ვანდალიზმსა და შენობაში უნებართვოდ შეჭრაშია ბრალდებული.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულთა ასაკი 19-დან 32 წლამდე მერყეობს. მათი წინასასამართლო სხდომა აპრილის ბოლოს გაიმართება. 

სტენფორდის უნივერსიტეტის შენობა დემონსტრანტებმა 2024 წლის 5 ივნისს, გაზაფხულის სემესტრის ბოლო დღეს დაიკავეს. მათი ნაწილი უნივერსიტეტის პრეზიდენტის ოფისში გამაგრდა და ბარიკადები აღმართა, ნაწილი კი შენობის გარეთ პალესტინის მხარდამჭერ ფრაზებს სკანდირებდა. 

პროკურორების განცხადებით, დემონსტრანტებმა შენობაში გააკეთეს წარწერები, დაამტვრიეს ფანჯრები და ავეჯი, გამორთეს უსაფრთხოების კამერები. საერთო ზიანი ასობით ათას დოლარად შეფასდა.

დაკავებულების მობილურ ტელეფონებში ასევე აღმოჩენილია ოპერაციის დაგეგმვის ამსახველი მიმოწერები.

Associated Press-ის მონაცემებით, 2024 წლის გაზაფხულზე აშშ-ს უნივერსიტეტების ტერიტორიაზე გამართული პროპალესტინური აქციების მიმდინარეობისა სულ მცირე 86 პირი დააკავეს.

კომენტარები