რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

პრინცი ჰარი უკრაინაში მოულოდნელად ჩავიდა და ომში დაშავებული მოქალაქეები მოინახულა

პრინცი ჰარი ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრის ვიზიტისას
Yana Stukach/Superhumans Center/AP

პრინცი ჰარი უკრაინაში მოულოდნელად ჩავიდა და ომში დაშავებული მოქალაქეები მოინახულა. ინფორმაციას CNN პრინცის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს

ჰარი ლვოვში მდებარე ორთოპედიულ კლინიკას ეწვია, სადაც ომში დაჭრილი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები მკურნალობას იღებენ და რეაბილიტაციას გადიან. ცენტრი ომის მსხვერპლთათვის უფასო პროთეზებს, რეკონსტრუქციულ ქირურგიულ ოპერაციებსა და ფსიქოლოგიურ დახმარებას უზრუნველყოფს. 

სასექსის ჰერცოგი, რომელმაც ბრიტანულ არმიაში 10 წლის განმავლობაში იმსახურა, დაშავებული სამხედროებისთვის დახმარების გაწევა საკუთარ ყველაზე თვალსაჩინო საქმედ აქცია. 2014 წელს პრინცმა საერთაშორისო პლატფორმა Invictus Games დააფუძნა, რომელიც დაჭრილ ვეტერანებს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს, მსგავსად პარალიმპიური თამაშებისა. 

პრინც ჰარის უკრაინაში ვიზიტისას თან ახლდა Invictus Games Foundation-ის კონტინგენტი, მათ შორის, ოთხი ვეტერანი, რომლებმაც რეაბილიტაციის მსგავსი პროცედურები გაიარეს.

ჰარის ვიზიტი დასავლეთ უკრაინის ქალაქში, რომელიც რუსული რაკეტების სამიზნე ხშირად ხდება, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც პრინცმა ქვეყანა დატოვა. 

უკრაინაში გამგზავრებამდე სასექსის ჰერცოგმა 2 დღე გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ, ლონდონში დაჰყო, სასამართლოში გამოცხადების საჭიროების გამო. ჰარი ბრიტანეთის მთავრობას სასამართლოში უჩივის, ვინაიდან მთავრობამ მას ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო დაცვის მომსახურება შეუჩერა მას შემდეგ, რაც ჰარიმ 2020 წელს სამეფო ოჯახის წევრად მუშაობა შეწყვიტა და მეუღლე მეგან მარკლისთან ერთად კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. 

40 წლის პრინცი ჰარი, გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟი, სამეფო ოჯახის მეორე წევრია, რომელიც უკრაინას ეწვია. ჰარის მამიდა, ედინბურგის ჰერცოგინია სოფი სამეფო ოჯახის პირველი წევრი იყო, რომელიც უკრაინაში 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ გასულ წელს ჩავიდა. 

სამეფო ოჯახი უკრაინას ღიად უჭერს მხარს. მეფე ჩარლზმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განსაკუთრებით თბილად მიიღო აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი მწვავე კამათიდან 2 დღის შემდეგ. 

ჰარის უფროსმა ძმამ, პრინცმა უილიამმა გასულ თვეში, ესტონეთში 2-დღიანი ვიზიტისას უკრაინელი დევნილები მოინახულა. 

კომენტარები