რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში აშშ-ს ელჩი ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ს ელჩი კიევში, ბრიჯიტ ბრინკი
REUTERS/Edgar Su

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინაში აშშ-ს ელჩი ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ტოვებს. იმის შესახებ, რომ ბრინკი თანამდებობის დატოვებას გეგმავდა, ცნობები თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა. 

ბრინკი პოსტზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, 2022 წელს დაინიშნა და მას შემდეგ კიევში აშშ-ს ელჩად მსახურობდა. Reuters-ის ანონიმური წყაროების თქმით, ელჩმა გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

ბრინკი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის კარიერული დიპლომატია, რომელმაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იანვარში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დატოვა. იგი უერთდება ათწლეულების გამოცდილების მქონე სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის მოსვლის შემდეგ დატოვეს, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასს. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ბრინკის თანამდებობას. ამერიკელი ანონიმური მაღალჩინოსანი და საკითხზე ინფორმირებული კიდევ ერთი წყარო Reuters-ს ეუბნება, რომ პოსტზე ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპის, პოლიტიკისა და რეგიონულ საკითხებში, კრის სმიტი განიხილება. სმიტი აქამდე, 2022-2023 წლებში, კიევში აშშ-ს საელჩოში ამერიკული მისიის უფროსის მოადგილედ მსახურობდა. 

ბრინკი ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქის, კრივოი როგის დაბომბვაზე გამოხმაურების გამო გააკრიტიკეს. ელჩმა X-ზე 5 აპრილის თავდასხმის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთი არ ახსენა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულის გამო აშშ-ს საელჩო გააკრიტიკა და X-ზე დაპოსტა, რომ განცხადება "საოცარი იმედგაცრუების მომტანი" იყო. 

"ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი, თუმცა ასეთი სუსტი რეაქცია. მათ ეშინიათ, რომ სიტყვა 'რუსულიც' კი ახსენონ, როდესაც რაკეტაზე ლაპარაკობენ, რომელმაც ბავშვები დახოცა". - წერდა ზელენსკი. 

უცნობია, უკავშირდება თუ არა ბრინკის გადადგომა აღნიშნულ მოვლენას. 

Reuters-ის წყაროების თქმით, ბრინკი თანამდებობას უახლოესი კვირების განმავლობაში დატოვებს. 

კომენტარები