რუსული რეჟიმი

რა სანქციები დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს

დღეს, 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის დამატებით 4 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. აღნიშნული სანქციები სამ კატეგორიას მოიცავს - სავიზო აკრძალვა, აქტივების გაყინვა და დირექტორის სადისკვალიფიკაციო სანქცია.

სავიზო აკრძალვა სანქცირებული პირისთვის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას გულისხმობს

აქტივების გაყინვა წარმოადგენს ფინანსური სანქციის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც სანქცირებულ პირს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებას და სხვა სახის აქტივებს უყინავს და მათ სანაცვლოდ ფინანსური რესურსის მიღებას კრძალავს. ეს აკრძალვა მოქმედს, განურჩევლად იმისა, ეკუთვნის, ფლობს თუ აკონტროლებს მათ სანქცირებული პირი.

ასევე, აკრძალულია სანქცირებული პირისთვის ფინანსური ან ეკონომიკური რესურსების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გადაცემა. ასევე, იკრძალება ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ფინანსური სანქციების გვერდის ავლისკენ არის მიმართული.

რაც შეეხება დირექტორის სადისკვალიფიაციო სანქციას, ის სანქცირებული პირებისთვის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა კრძალავს, როგორც გაერთიანებული სამეფოს კომპანიებში, ასევე უცხოურ კომპანიებში, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი კავშირი გაერთიანებულ სამეფოსთან - მაგალითად, თუ კომპანია საქმიანობას აწარმოებს ან ფლობს აქტივებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე.


10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური სიაში ივანიშვილს რეჟიმის კიდევ ოთხი წარმომადგენელი შეიყვანა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, გდდ-ს უფროსის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" მოადგილე მირზა კეზევაძე და გომელაურის მოადგილე შალვა ბედოიძე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაასანქცირეს.

განცხადების თანახმად, აღნიშნული სანქციები ოთხივე პირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევების გამო დაუწესდა. კერძოდ, განცხადებაში აშნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განცხადების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის ქმედებებს შალვა ბედოიძე ზედამხედველობდა, საპოლიციო ძალების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალადობრივ ქმედებებს მიმართა. 

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალური დავალებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა კეზევაძე, პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებების დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოს მოქალაქეების, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენაზე.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური საგამოძიებო უწყების უფროსს, კარლო კაციტაძეს სანქციები დაუწესდა, იმის გამო, რომ მან გამიზნულად არ გამოიძია სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევები და არ გადადგა შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები. განცხადების მიხედვით, ის პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაზე, რომლებმაც "უცხოური გავლენის შესახებ"კანონის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ იძალადეს.

რაც შეეხება გენერალურ პროკურორ, გიორგი გაბიტაშვილს, განცხადებაში ნათქვამია, რომ ის პასუხისმგებელი იყო სამართალდამცავების ანგარიშვალდებულებაზე, თუმცა შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგა. მას სანქციები "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე სამართალ დამცავების მხრიდან ჩადენილი სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევების გამიზნულად არ გამოძიებისა და სამართლებრივი უმოქმედობის გამო დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია "2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო აქტის" საფუძველზე და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაკისრებას.

აღნიშნული სანქციები გულისხმობს ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ სერიოზულ კორუფციაში.

კომენტარები