დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 184-მდე, ხოლო დაშავებულთა 200-მდე გაიზარდა.
ცენტრის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელის, ხუან მანუელ მენდესის თქმით, მაშველები კვლავ აგრძელებენ მსხვერპლთა და შესაძლო გადარჩენილების ძიებას, თუმცა სამშაბათის დღის მეორე ნახევრიდან ცოცხალი უკვე აღარავინ უპოვიათ.
"ჩვენ არავის დავტოვებთ. ჩვენი მუშაობა გაგრძელდება," - თქვა მან.
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვს, მიაწოდონ ინფორმაცია მათ ახლობლებზე. ოფიციალური პირები კი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
გარდაცვლილებს შორის არიან ადგილობრივი პროვინციის გუბერნატორი და ცნობილი დომინიკელი ბეისბოლისტი, ოქტავიო დოტელი, რომელმაც აშშ-ს ბეისბოლის უმაღლეს ლიგაში (MLB) 15 სეზონი გაატარა. 51 წლის ყოფილი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა პოპულარული ადგილობრივი მუსიკოსის, რუბი პერესის კონცერტის საწყის საათებში მოხდა, როდესაც კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, არტისტი ნანგრევებს შორის იყო მოყოლილი.
სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 400-მდე მაშველი მონაწილეობს კვლავ გრძელდება და ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.





