აშშ-უკრაინა

ზელენსკის აზრით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მიდგომა წიაღისეულის შეთანხმებაზე არასწორია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს, რომელიც კიევთან წიაღისეულის შეთანხმების გაფორმებაზეა პასუხისმგებელი, არასწორი მიდგომა აქვს.

ზელენსკიმ ამის შესახებ 9 აპრილს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

ჟურნალისტებმა ზელენსკის სთხოვეს კომენტარი ბესენტის სიტყვებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერა "ჩაშალა". ბესენტმა ასევე თქვა, რომ ზელენსკი მისი წრისგან ცუდ რჩევებს იღებდა. მან ამის შესახებ ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ისაუბრა.

ამ სიტყვებთან დაკავშირებით ზელენსკიმ თქვა, რომ პრობლემა ბესენტის მიდგომაა.

"მან თქვა: "ამას ახლა ხელი უნდა მოაწეროთ". მე არ დაგიმალავთ, მეც მაქვს სხვადასხვა მახასიათებლები, როგორც ყველა ადამიანს, ვინც აქაა. ჩემმა კოლეგებმა იციან, რომ როცა შეთანხმებაზე თითს მიკაკუნებენ და მეუბნებიან, ახლა უნდა მოაწეროო, მე შემეძლო მხოლოდ მეპასუხა, შეწყვიტეთ თითის კაკუნი და მოდით საგნობრივად ვილაპარაკოთ-მეთქი". - თქვა ზელენსკიმ.

"ალბათ, ის სხვანაირ დიალოგს ელოდა, მაგრამ მე უკრაინას მესამეხარისხოვან ქვეყნად არ ვთვლი. მე ვთვლი, რომ ჩვენ თანასწორად უნდა ვილაპარაკოთ". - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

გასულ შაბათ-კვირას უკრაინის ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ თქვა, რომ უკრაინა წიაღისეულის შეთანხმებაზე სასაუბროდ გუნდს ამზადებდა და ვაშინგტონში გამგზავრება ამ კვირაში იგეგმებოდა.

კომენტარები