ბიოტექნოლოგიური კომპანიის Colossal Biosciences-ის მეცნიერების თქმით, გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით გადაშენებული სახეობა Aenocyon dirus, იგივე საზარელი მგელი, დააბრუნეს, რომელიც დაახლოებით 12 500 წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდა.
თუმცა, ზოგიერთი დამოუკიდებელი მეცნიერი კომპანიის განცხადების დაზუსტების საჭიროებაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ გადაშენებული სახეობების ზუსტად აღდგენა შეუძლებელია.
მეცნიერებმა Aenocyon dirus-ის დღემდე შემორჩენილი 13 000 წლის კბილისაგან და 72 000 წლის თავის ქალისგან ამოღებული დნმ-ის საფუძველზე რუხი მგლის გენომი შეცვალეს და მიღებული გენეტიკური მასალა მოშინაურებული ძაღლის ბირთვგამოცლილ კვერცხუჯრედებში გადაიტანეს, საბოლოოდ კი ემბრიონი სუროგატი ძაღლების საშვილოსნოში მოათავსეს.
ცოცხალ სახეობებს შორის, რუხი მგელი საზარელი მგლის ყველაზე ახლო ნათესავია. კომპანიის თანახმად, საზარელი მგელი რუხ მგელზე დიდი იყო და მასზე "ოდნავ უფრო ფართო თავი, მსუბუქი და სქელი ბეწვი და ძლიერი ყბები ჰქონდა".
ფენტეზის მწერალმა, ჯორჯ რ.რ. მარტინმა სწორედ ამ გადაშენებული სახეობის შთაგონებით შექმნა ფიქციური სახეობა, მგელსაზარები, რომლებიც წიგნების სერიაში, ყინულისა და ცეცხლის სიმღერასა და მის ეკრანიზაციაში, სამეფო კარის თამაშებში გხვდებიან.
მეცნიერებმა საზარელი მგლის ნარჩენებისგან ამოღებული დნმ-ის საფუძველზე Aenoncyon dirus-ის ორი გენომი შექმნეს, რომლებიც შემდგომ ძაღლისებრთა ოჯახის ცოცხალი წარმომდგენლების, მგლების, ტურებისა და სხვათა გენომებს შეადარეს, რათა გამოეყოთ გენები, რომლებიც საზარელი მგლებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, მაგალითად, თეთრ და უფრო გრძელ, მსხვილ ბეწვს, უკავშირდება.
ამ ანალიზზე დაყრდნობით მეცნიერებმა რუხი მგლის სისხლის უჯრედების გენომის 14 გენში 20 ცვლილება შეიტანეს, ზოგი შეცვლილი უჯრედის კლონები კი დონორ კვერცხუჯრედებში გადაიტანეს.
კომპანიის ცნობით, ორი მამრი ტყუპი ლეკვი 2024 წლის 1 ოქტომბერს, ხოლო მდედრი ლეკვი 2025 წლის 30 იანვარს დაიბადა. მამრ ლეკვებს რომის დაარსების ლეგენდის გამო სახელებად რომულუსი და რემუსი შეურჩიეს, მდედრ ლეკვს კი კჰალისი სამეფო კარის თამაშების პატივსაცემად დაარქვეს.
კომპანიის განცხადებას მარტინი გამოეხმაურა. მისი თქმით, ლეკვები მათი არსებობის გასაჯაროებამდე ნახა და ამან მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

წყარო: George R.R Martin / Faceobok
"მგელსაზარებს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. რატომ? წარმოდგენა არ მაქვს. ბავშვობაში ძაღლის ყოლის ნებასაც არ მრთავდნენ, არათუ მგლის. თუმცა, რამდენიმე ათწლეულის წინ ლა-ბრეას ასფალტის ტბას ვეწვიე და როდესაც მათი მგელსაზარას ექსპონატი, კედელზე დალაგებული ოთხასი თავის ქალა, ვნახე, ამან ჩემში რაღაც აღძრა. [...] მათ გარეშე, ვესტეროსს შესაძლოა არ ეარსება. [...] უნდა ვთქვა, რომ მგელსაზარას ხელახლა დაბადებამ იმაზე მეტად ამაღელვა, ვიდრე რომელიმე სხვა სამეცნიერო სიახლემ მას შემდეგ, რაც ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგა". - წერს მარტინი.
ამასთან, სამეფო კარის თამაშებთან მგელსაზარების კავშირის გამო ლეკვები, რემუსი და რომულუსი ფოტოსესიისთვის "რკინის ტახტზე" დასვეს. "რკინის ტახტი" Colossal Biosciences-ს რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა ათხოვა, რომელიც კომპანიის ინვესტორია. აქამდე უცნობი იყო, რომ ტახტი აუქციონზე 1.49 მილიონ დოლარად სწორედ ჯექსონმა იყიდა.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პალეოგენეტიკის ცენტრის ევოლუციური გენომიკის პროფესორისა და Colossal Bioosciences-ის მრჩევლის, ლოვე დალენის თქმით, კომპანიამCRISPR-ის ტექნოლოგიით რუხი მგლის გენომში ზოგიერთი გენური ვარიანტი ამოშალა და საზარელ მგლებთან ასოცირებული გენებით ჩაანაცვლა, შესაბამისად, ფაქტობრივად, ჰიბრიდული გენომი შექმნა.
"არ არის საიდუმლო, რომ გენომის ფარგლებში ეს 99.9% რუხი მგელია. სამეცნიერო საზოგადოებაში დავა იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი გენის ცვლილება არის საჭირო საზარელი მგლის შესაქმნელად, მაგრამ ეს რეალურად ფილოსოფიური საკითხია. [...] ის საზარელი მგლის გენებს ატარებს და ეს გენები მას უფრო მეტად ამსგავსებს საზარელ მგელს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც ბოლო 13 000 წლის განმავლობაში გვინახავს და ეს ძალიან მაგარია. [...] მე ასე მესმის, რომ მათ საზარელი მგლის ფენოტიპი (სახეობის გარეგანი ნიშან-თვისებები) გააცოცხლეს და გენომზე დაყრდნობით ვიცით, რომ ისინი სავარაუდოდ ამ ლეკვების მსგავსად გამოიყურებოდნენ. ჩემთვის ისინი საზარელი მგლები არიან ამ გაგებით". - თქვა დალენმა.
რიგი დამოუკიდებელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კომპანიის განცხადება სახეობის დაბრუნების შესახებ დაზუსტებას საჭიროებსდა გადაშენებული სახეობის სრულად აღდგენა შეუძლებელია. აშშ-ს ბუფალოს უნივერსიტეტის ბიოლოგის, ვინსენტ ლინჩის თქმით, ახლანდელი მოცემულობით, გადაშენებული სახეობის სრულად აღდგენა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, "რომ რაღაც ზედაპირულად დავამსგავსოთ სხვა რაღაცას",
მსგავსი განცხადება გააკეთა ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნიკ როლენსმაც.
"რაღაცის ჭეშმარიტად აღსადგენად მისი კლონირება არის საჭირო. პრობლემა ის არის, რომ გადაშენებული ცხოველების კლონირება არ შეგვიძლია, რადგან დნმ სათანადოდ კარგად არ არის შემორჩენილი. გენომის სეკვენირების შემთხვევაშიც გადაშენებული ცხოველის დნმ-ს საკმარისად დიდ ნაწილებს ვერ ამოიღებ, როგორც ეს ცოცხალი ცხოველის შემთხვევაში შეგიძლია". - თქვა როლენსმა.
როლენსის თქმით, კომპანიას საზარელი მგელი არ აღუდგენია, არამედ "ჰიბრიდი" შექმნა.
"ასე რომ, რაც Colossal Bioscences-მა შექმნა, ეს არის რუხი მგელი საზარელი მგლის მახასიათებლებით - ეს არ არის დაბრუნებული საზარელი მგელი, არამედ "ჰიბრიდია"". - თქვა როლენსმა.
თავად კომპანიის ცხოველების მოვლის მთავარმა ექსპერტმა, მეტ ჯეიმსმა აღნიშნა, რომ საზარელ მგლებთან ფიზიკური მსგავსების მიუხედავად, ლეკვები სავარაუდოდ ვერასდროს ისწავლიან, როგორ მოკლან დიდი ცხენირემი ან დიდი ირემი, რადგან მშობლებისგან ამის სწავლის საშუალება არ ექნებათ.
Colossal Bioscences იმედოვნებს, რომ იმ ტექნოლოგიით, რომლითაც საზარელი მგლის მსგავსი ლეკვები შექმნეს, გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენასაც შეძლებენ. კომპანიამ განაცხადა, რომ საზარელი მგლების კვლევის დროს შემუშავებული კლონირების ნაკლებად ინვაზიური მეთოდით გადაშენების პირას მყოფი წითური მგლის ლეკვებიც შექმნეს.
კომპანია 2021 წლიდან ცდილობს, რომ გადაშენებული სახეობები, მამონტი, დოდო და ჩანთოსანი მგელი დააბრუნოს, თუმცა საზარელ მგლების აღდგენის ძალისხმევა აქამდე არ გაუსაჯაროებიათ.