9 აპრილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთის სენატის წინაშე სიტყვით გამოვიდა.
ზურაბიშვილმა 9 აპრილზე, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ქართული ოცნების მიერ შემოღებულ კანონებსა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
გთავაზობთ სრულ გამოსვლას:
ძვირფასო პრეზიდენტო, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ღირსეულო წევრებო და ძვირფასო მეგობრებო, დღეს 9 აპრილია, ყოველი ქართველისთვის ამაღელვებელი დღე. 1989 წელს, რუსული ჯარები და ტანკები თბილისში, ქალაქის ცენტრში მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად შემოვიდნენ, რომლის მონაწილეებიც თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. მათ გამოიყენეს გაზი, ხელკეტები და ძალადობრივი ხერხები უმეტესად ახალგაზრდებისგან შემდგარი მშვიდობიანი მიტინგის დასაშლელად. იმ ღამეს დაჭრეს ასობით და მოკლეს 21 ადამიანი, მათი უმრავლესობა ქალები.
მაგრამ ის ღამე არ გამქრალა. მან გააჩინა ეროვნული მოძრაობა და გაკაფა გზა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ. თუმცა დღეს, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის დაიღვარა სისხლი, ქართველები კვლავ ქუჩაში დგანან. უკვე 140 დღეზე მეტია, რაც ქართველი ხალხი სრული სიმტკიცით, მშვიდობიანად აპროტესტებს ისეთივე საშიშ საფრთხეს, დემოკრატიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ჩუმად, ფარულად მიმდინარე გადატრიალებას. სანამ გავაგრძელებ სიტყვას, გთხოვთ, წუთიერი დუმილი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და გამოვხატოთ სოლიდარობა საქართველოს ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც დღეს იმავე იდეალებისთვის იბრძვიან, ასევე იმ ყველა გმირის პატივსაცემად, ვინც გუშინ პრაღაში, ხოლო დღეს უკრაინაში იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
მადლობა.
დღეს თქვენ წინაშე გამოვდივარ, რათა გაგაფრთხილოთ და მოგიწოდოთ მოქმედებისკენ. მიმდინარეობს საქართველოს ტრანსფორმაცია, არა ტანკებით, არამედ რეპრესიებით. ეს არ ხდება ერთ ღამეში, არამედ ეტაპობრივი ნაბიჯებით. ჩვენ ვუყურებთ, როგორ იშლება დემოკრატია ჩვენს თვალწინ, რეალურ დროში. მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად უსწორდებიან და აკავებენ, ოპოზიციურ პარტიებს ემუქრებათ აკრძალვა და დაშლა, მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს ეკისრებათ ათასობით ევროს ოდენობის ჯარიმები არა დანაშაულისთვის, არამედ განსხვავებული აზრის გამო.
მიღებულია ახალი, დამატებითი "უცხოური აგენტების" კანონი, პრაქტიკულად ზუსტი ასლი იმ რუსული კანონისა, რომელმაც გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება და მედია რუსეთში. ყოველდღიურად ჩნდება ახალი, კიდევ უფრო რეპრესიული ნაბიჯები. ტერმინი "სახელმწიფო ღალატი" კვლავ დაბრუნდა საქართველოს კანონმდებლობაში, ჩვენ უკვე საგანგაშოდ მივუახლოვდით 1937 წელს.
ჩვენი ინსტიტუტები დღეს ვეღარ გვიცავენ. სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის რეპრესიის იარაღი გახდა. ბოლო თვეების განმავლობაში ვერც ერთმა მნიშვნელოვანმა სასამართლომ ვერ გაბედა პროკურატურის გადაჭარბებული მოთხოვნების წინააღმდეგ წასვლა. ვერც ერთმა. ჩვენ ვუყურებთ ერთპარტიული სისტემის დაბადებას და ამ ყველაფრის უკან დგას ერთი კაცი, უკონტროლო და ხელშეუხებელი.
რუსული სტილის ავტოკრატიის ჩრდილი ეკვრის ქვეყანას, რომელიც ოდესღაც ევროპული დემოკრატიის იმედით იყო აღსავსე და ამ ყველაფრის უკან კვლავ იკვეთება რუსეთის აჩრდილი.
და მაინც ევროპისგან, ევროკავშირისგან პასუხი ზედმეტად ჩუმია. თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ამავე დროს ეს ქვეყანა, რომელსაც ძალით მიათრევენ რუსეთის ორბიტაში, გადაიქცა ავტორიტარული ტაქტიკების საცდელ პოლიგონად, ხოლო ევროპის რეაქცია ამ მოვლენების სიმძიმის შეუსაბამოა. ეს არ არის უბრალოდ მორიგი კრიზისი საქართველოში, ეს არის გამოწვევა ევროპისთვის, გამოწვევა ლიბერალური დემოკრატიისთვის, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში.
თუ საქართველოში დემოკრატია შეიძლება ასე სწრაფად და მარტივად დაინგრეს ერთ წელიწადში, იმის შემდეგ, რაც სამი ათწლეულის განმავლობაში ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერდა მხარს დემოკრატიულ არჩევანს და მას შემდეგ რაც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა წლები მიუძღვნეს თავისუფალი მედიის, დამოუკიდებელი სასამართლოებისა და სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, მაშინ რას გვეუბნება ეს დემოკრატიის გამძლეობაზე? ნუთუ ასე მარტივად შეიძლება მისი განადგურება?
თუ ამას დავუშვებთ, ვაგზავნით მესიჯს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები მყიფეა, რომ ავტოკრატიები შეიძლება წარმატებულები იყვნენ, თუ ისინი იმოქმედებენ და თუ საკმარისად ცინიკურად იმოქმედებენ.
საქართველოს მოსახლეობა მზადაა წინააღმდეგობისთვის. ეს ასევე გეოპოლიტიკური გამოწვევაა ევროკავშირისთვის. საქართველო უბრალოდ ერთი პატარა სახელმწიფო არ არის. ჩვენ ვართ ევროპის სამეზობლოს ნაწილი და სტრატეგიული ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელშიც, პირველ რიგში, შედის შავი ზღვა, რომელიც ასევე საფრთხეშია უკრაინის სანაპიროებიდან, სამხრეთ კავკასია, სომხეთის მყიფე მშვიდობა და მისი ახალი გზა ევროპისკენ და ევროპის ახალი დამაკავშირებელი გზები ცენტრალური აზიის ენერგიასა და რესურსებთან.
თუ საქართველო დამარცხდება ავტორიტარიზმთან ბრძოლაში და რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, ეს შეასუსტებს ევროპის მთელ პოზიციას ამ მნიშვნელოვან რეგიონში ეკონომიკურად, პოლიტიკურად და მორალურად.
ეს ასევე არის გამოწვევა ევროპის გლობალური სანდოობისთვის რუსეთის წინააღმდეგ. ვიქნები პირდაპირი, თუ ევროკავშირს არ შეუძლია დაიცვას ის ღირებულებები, რომელთაც ათწლეულებია ხელს უწყობს, თუ ვერ იცავს იმ ხალხს და ინსტიტუტებს, რომელთა შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა, თუ ვერ სცემს მკაფიო პასუხს პატარა, დაუმორჩილებელ სახელმწიფოზე კორუმპირებული ელიტებისა და რუსეთის გავლენას, მაშინ მისი საგარეო პოლიტიკის სანდოობა საფრთხეში აღმოჩნდება, ისევე, როგორც მისი ახალი თავდაცვის დღის წესრიგი, რადგან შეიარაღება ნებისა და გადაწყვეტილების სწრაფი მიღების გარეშე, მხოლოდ ქაღალდზე არსებული სტრატეგიაა, ეს არ არის შეკავება, ეს არ არის ძალა.
ცხადად უნდა ვთქვათ, რუსეთი აკვირდება და საკუთარ შემდგომ ნაბიჯებს ამზადებს. რასაც 2008 წელს საქართველოში ტანკებით ვერ მიაღწია და რაც უკრაინაში ბოლო ომით ვერ მოახერხა, ახლა ცდილობს ახალი ფორმულით მიაღწიოს.
ჩუმი დაპყრობის ჰიბრიდული სტრატეგია დღეს საქართველოში გამოიცდება, როგორც 2008 წელს სამხედრო აგრესია იქნა პირველად გამოცდილი საქართველოში. ახლა ამ ახალ სახელმძღვანელოს არ სჭირდება არმია მას მხოლოდ სამი ინგრედიენტი აქვს: არჩევნების მანიპულაცია, პროპაგანდა და დეზინფორმაცია და პროქსი ოლიგარქი, რომელიც შიგნიდან იპყრობს ინსტიტუტებს.
თუ რუსეთი ვერ იგებს, და ის ვერ იგებს ომს უკრაინაში სამხედრო ძალით, ის შეიძლება შეეცადოს ომი პოლიტიკურად მოიგოს უკრაინის არჩევნებზე გავლენის მოპოვებით, საზოგადოებრივი ნდობის შერყევით, საზოგადოების დაყოფით და კიევის შიგნიდან დასუსტებით, ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოში გააკეთა.
საქართველო არის ტესტი. თუ ეს ჰიბრიდული სტრატეგია გაამართლებს საქართველოში, ის შესაძლოა ევროპის სხვა ნაწილებშიც განმეორდეს.თუ ეს იმუშავებს ქვეყანაში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში წინააღმდეგობის გამოცდილება აქვს, ის შეიძლება გამეორდეს მოლდოვაში, რუმინეთში ან კიდევ უფრო ღრმად ევროპაში, იმიტომ რომ ეს იაფია, ჩუმია და ჯერჯერობით, გარედან სერიოზულ წინააღმდეგობას არ შეხვედრია.
მაშ, რა უნდა გაკეთდეს? ევროპამ უნდა იმოქმედოს. ახლა, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური კონტრსტრატეგიით. ბრძოლა ჩვენია და მას გავაგრძელებთ, თუმცა ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში, საარჩევნო დაცვა უნდა უზრუნველყონ.
ჩვენ ვითხოვთ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, თუ არ გვექნება ახალი ინსტრუმენტები, არა მხოლოდ დაკვირვებისთვის, არამედ პრევენციისთვის.
რადგან ეს ახალი თამაში გაყალბებულია მანამ, სანამ არჩევნების დღე დგება. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სიცხადე. გახადეთ ევროკავშირის პოზიცია საჯარო, რათა ყველამ დაინახოს. დაანახეთ ქართველ ხალხს, რომელიც ერთსულოვნად პროევროპულია, რომ ისინი მარტო არ არიან.სანქციები, სწრაფი, მიზანმიმართული, ფინანსური, რადგან ისინი მოქმედებენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მიმართულნი არიან დამფინანსებლების ან მხარდამჭერთა წინააღმდეგ და რაც მთავარია, დაიცავით ის ღირებულებები, რომელშიც ჩადეთ ინვესტიცია. პროევროპული საზოგადოება, არასამთავრობოები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი ინსტიტუტები. თუ ახლა მათ გაუქმებას დავუშვებთ, ყველა "მომავალ ავტოკრატს" ვუგზავნით მესიჯს, რომელსაც ელოდებიან.
პატივცემულო წევრებო, ჩეხი ხალხი იცნობს ოკუპაციას, იცნობს პროპაგანდას, იცნობს ჩაგვრის ხანგრძლივ დუმილს და თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა.
თქვენ ბევრზე უკეთ გესმით, რომ თავისუფლების დაცვა არამხოლოდ ბრძოლის ველზეა საჭირო, არამედ სახელისუფლებო დარბაზებში, სასამართლოებში, ქუჩებსა და ერის სულში.
დღეს, საქართველო ამ ბრძოლაშია. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ, მაგრამ გთხოვთ, დადგეთ ჩვენ გვერდით.
აიმაღლეთ ხმა. ილაპარაკეთ ცხადად. იმოქმედეთ მიზანმიმართულად, რადგან თუ დღეს საქართველოს ვერ დავიცავთ, ხვალ შეიძლება სრულიად განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ.
დღევანდელი რეზოლუციის მხარდაჭერით ჩეხეთის სენატი სხვა ევროპული ქვეყნებს მაგალითს უჩვენებს და ჩემგან და ქართული მოსახლეობისგან მადლობას გიხდით.





