რუსეთი-საფრანგეთი

ზახაროვას თქმით, პარიზში რუსი დიპლომატის დაკავების გამო საფრანგეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთში საფრანგეთის ელჩი, ნიკოლა დე რივიერი საგარეო უწყებაში დაიბარეს.

ზახაროვას განცხადებით, ელჩის დაბარება შარლ დე გოლის სახელობის პარიზის საერთაშორისო აეროპორტში რუსი დიპლომატის დაკავებას უკავშირდება.

მისი თქმით, ინციდენტი 6 აპრილს მოხდა, როდესაც საფრანგეთის სასაზღვრო სამსახურმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მიზეზის გარეშე შეაჩერა, ჩამოართვა კომპიუტერი და ტელეფონი.

"რუსეთის საელჩომ პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გადასცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის საელჩოს ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრისას გამოვხატეთ მკაცრი პროტესტი. მიღებული დემარშების შედეგად, ჩვენი კოლეგა საბოლოოდ შეუშვეს ქვეყანაში, თუმცა მას ერთი დღე მოუწია აეროპორტის სასაზღვრო ზონაში ყოფნა. ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ". - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, ელჩის გამოძახება და საპროტესტო ნოტის გადაცემა საპასუხო შედეგი არ არის და პარიზმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

"განსაკუთრებულ ცინიზმს ამ სიტუაციას ის სძენს, რომ სწორედ საფრანგეთის მხარემ გასცა ვიზა ჩვენს თანამშრომელზე ამ ოფიციალური მივლინებისთვის და შემდეგ მოაწყო ეს სამარცხვინო სპექტაკლი". - აღნიშნა ზახაროვამ.

კომენტარები