ქათმის სკინტლი

პაპაშვილის თქმით, ჩირინამ იცოდა, რომ ყვარლის ბაგა ქათმის ნაკელს ძროხების საკვებად იყენებდა

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის მტკიცებით, კომპანია ჩირინამ იცოდა, რომ ყვარლის ბაგა ქათმის ნაკელს ძროხების საკვებად იყენებდა.

"ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა, კვების დაწყებიდან ორ თვეში 30%-ით გაგვიზარდა ფასი... მათ იცოდნენ მშვენივრად, რომ საკვებად ვიყენებდით. ვერ უარყოფენ, მიმოწერაა, ინახება ჩვენს სერვერზე და მათაც ხელში უჭირავთ" - თქვა პაპაშვილმა BM.GE-ს ეთერში და ორ კომპანიას შორის მიმოწერა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, "საკვების მკვეთრი ცვლილება სავალალო შედეგებს მოუტანს ფერმას... სამწუხაროდ, ფასის 30%-იანი ზრდა ნაკელის მოხმარებას არარენტაბელურს ხდის ჩვენთვის, ამასთანავე, ათდღიანი წინასწარი შეტყობინება არ წარმოადგენს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც ჩვენ უნდა შევძლოთ ალტერნატიული საკვების მოძიება".

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყვარლის ბაგამ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. ასევე გაირკვა, რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი "ყვარლის ბაგა" ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. ის რძით ამარაგებდა სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და  რძის ლაბორატორიას. 

გამოძიების თანახმად, 2018 წელს ყვარლის ბაგამ ჩირინასგან დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა. ერთი წლის თავზე, ყვარლის ბაგამ განაცხადა, რომ ჩირინაში ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა - საკვებად.

2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ ჩირინას სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, ყვარლის ბაგის 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).

რუსთავის სასამართლომ ვერ გამოკვეთა საქონლის დახოცვაში ჩირინას ბრალეულობა. სააპელაციომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა. 2024 წლის მარტში “ყვარლის ბაგამ” რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იგივე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2024 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის ბაგის საჩივარი დააკმაყოფილა - ყვარლის ბაგამ სასამართლოს წარუდგინა ლაბორატორიული დასკვნები, რომელშიც წერია, რომ ნიმუში, რომელსაც კვლევა ჩაუტარდა, ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს შეიცავდა.

ამ დასკვნაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩათვალა, რომ ანტიბიოტიკიანმა ნაკელმა რძეც გააფუჭა და 200-მდე ძროხაც დახოცა, სასამართლომ ჩირინას დახოცილი ძროხების საფასური და ახალი ძროხების ყიდვისთვის ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის გადახდაც დააკისრა.

რადიო თავისუფლების ცნობით, სასამართლოს მასალებში დევს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილიც, რომ ნაკელში აღმოჩენილი ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების სიაში. ამ ანტიბიოტიკს დღემდე იყენებენ ფერმერები. დოკუმენტებით ასევე ჩანს, რომ ტეტრაციკლინით თავად “ყვარლის ბაგის” ვეტერინარიც მკურნალობდა ძროხებს.

“ჩირინას” მფლობელი უარყოფს ტეტრაციკლინის გამოყენებას თავის ქათმის ფერმაში და ამბობს, რომ სხვა მედიკამენტს იყენებდა.

კომენტარები