რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საფრანგეთისა და ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელებმა კიევში უკრაინის საჭიროებები განიხილეს

4 აპრილს გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის თავდაცვის შტაბების ხელმძღვანელები, ადმირალი ტონი რადაკინი და გენერალი ტერი ბურკჰარდი კიევში ჩავიდნენ

სამხედრო ხელმძღვანელებმა შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, შეიარაღებული ძალების გენერალურ მეთაურ, ოლექსანდრ სირსკისა და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან გამართეს.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი უკრაინული არმიის საჭიროებებისა და გამოწვევების განხილვა იყო, რათა მას სამხედრო მოდელის აღდგენისა და განვითარების მიმართულებით გრძელვადიანი მხარდაჭერა გაეწიოს.

"უკრაინული არმიის გაძლიერება ქვეყნის უსაფრთხოების პირველი გარანტიაა, რაც მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად არის აუცილებელი". - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა მშვიდობის დამყარების შემდეგ რუსეთმა ახალი ფართომასშტაბიანი შეჭრა ვერ შეძლოს. 

"ჩვენ ერთად გვსურს გარანტია მივცეთ მყარ და მდგრად მშვიდობას უკრაინაში, რაც აუცილებელია ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებისთვის". - დაწერა ფრანგმა გენერალმა, ტერი ბურკჰარმა პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ერთობლივი ვიზიტის მიზანი "უკრაინული არმიისთვის მტკიცე მხარდაჭერის შენარჩუნება" იყო, რაც მას საშუალებას მისცემს რუსეთის ძალების წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორებთან ერთად "საჰაერო თავდაცვა და სხვა სენსიტიური თემები" განიხილეს. მისი თქმით, პარტნიორებს უკვე აქვთ სიღრმისეული გაგება იმის შესახებ, რაც უკრაინას სჭირდება.

კომენტარები