უკრაინის სამხედრო ძალების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ბოლო 24 საათში უკრაინამ 14 რუსულ ენერგო ობიექტზე მიიტანა იერიში, დეზინფორმაციაა.
რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმებმა ზიანი მიაყენა ბრიანსკის, ბელგოროდის, სმოლენსკის, ლიპეცკისა და ვორონეჟის რეგიონებს.
უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინამ ენერგო ობიექტებზე აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, ყალბია.
მათი თქმით, თავდასხმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს.
მანამდე, უკრაინის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ 18 მარტიდან რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეაჩერეს.
4 აპრილს კრივოი როგზე სარაკეტო იერიშიდან რამდენიმე საათში რუსეთმა ქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 18-მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 61 ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაღუპულთა შორის 9 ბავშვია. კრივოი როგი ზელენსკის მშობლიური ქალაქია, რომელიც ხშირად ხდება ოკუპანტების იერიშების სამიზნე.
რუსებმა კრივოი როგზე იერიში Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. რაკეტების სამიზნე ქალაქის საცხოვრებელი უბანი გახდა, რომელთანაც ახლოს სათამაშო მოედანი იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მათი "მაღალი სიზუსტის სარაკეტო იერიშის" სამიზნე "დანაყოფების მეთაურებისა და დასავლელი ინსტრუქტორების" შეხვედრა იყო რესტორანში და იერიშის შედეგად 85 ადამიანამდე დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ცხადია, მტკიცებულება არ წარუდგენია.





