რასელ ბრენდი

ბრიტანელ კომიკოსსა და მსახიობს, რასელ ბრენდს გაუპატიურების ფაქტზე ბრალი წარედგინა

რასელ ბრენდი
Skynews

ბრიტანელ კომიკოსსა და მსახიობს, რასელ ბრენდს 1999-2005 წლებში 4 ქალის გაუპატიურებისა და მათზე სექსუალური ხასიათის ძალადობის საქმეზე ბრალი წარედგინა

აღნიშნულ საქმეზე ბრიტანეთის პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის სექტემბერში Sunday Times-მა, The Times-მა და Channel 4-ის დოკუმენტურმა სერიალმა Dispatches-მა, ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გაავრცელეს. 

49 წლის კომიკოსი ბრალდებებს უარყოფდა და მათ "ძალიან, ძალიან მტკივნეულს" უწოდებდა. 

ლონდონის პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის რასელს ბრალი ედება 1999 წელს ბორნმუთში ქალის გაუპატიურებაში, 2001 წელს ლონდონის ვესტმინსტერის რაიონში ქალისთვის უხამსი შეურაცხყოფის მიყენებაში, 2004 წელს ლონდონის ვესტმინსტერის რაიონში ქალის ორალურ გაუპატიურებასა და მასზე სექსუალურ ძალადობაში და 2004-2005 წლებში ლონდონის ვესტმინსტერის რაიონში ქალზე სექსუალურ ძალადობაში. 

ბრენდს შეატყობინეს, რომ ის ვესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოში 2 მაისს უნდა გამოცხადდეს, თუმცა, როგორც ცნობილია, კომიკოსი ამჟამად აშშ-ში იმყოფება. 

ასეთ დროს, როდესაც ეჭვმიტანილი საზღვარგარეთაა, პროკურორმა შესაძლოა, მოითხოვოს, რომ ბრალდებული ქვეყანაში დაბრუნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული მოთხოვნას არ დაემორჩილება, ხელისუფლებამ შესაძლოა, მისი ექსტრადირების პროცედურა დაიწყოს. 


ბრიტანელ კომიკოსსა და მსახიობს რასელ ბრენდს გაუპატიურებაში, სექსუალურ ძალადობასა და ემოციურ ჩაგვრაში ბრალი 4-მა ქალმა 2023 წლის სექტემბერში დასდო ბრალი

ქალების ისტორიები გამოცემების Sunday Times და Times, ასევე სატელევიზიო არხის Channel 4 ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გავრცელდა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით შემთხვევები 2006-2013 წლებში მოხდა. რამდენიმე შემთხვევა 2010-2012 წლებშია აღწერილი, როდესაც ბრენდი მომღერალ ქეითი პერიზე იყო დაქორწინებული.

ერთ-ერთი ქალი ამბობდა, რომ კომიკოსმა 2012 წელს ლოს-ანჯელესის სახლში გააუპატიურა. სავარაუდო დაზარალებულს აქვს მეორე დღეს გამოწერილი გაუპატიურების დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნა, ასევე ბრენდისგან მიღებული SMS-შეტყობინებები, რომლებშიც მსახიობი ბოდიშს უხდის "გუშინდელისთვის".

მეორე ქალი, რომელიც ურთიერთობის მომენტში 16 წლის იყო, ამბობდა, რომ ბრენდთან 3-თვიანი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ქალი ამბობდა, ბრენდმა სექსის დროს დაუკითხავად მოიხსნა პრეზერვატივი, ასევე რამდენჯერმე დააძალა ორალური სექსი.

კიდევ ორმა ქალმა მსახიობი თავდასხმასა და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბრენდი მჩაგვრელი და კონტროლის მოყვარული ადამიანია. 

მსახიობმა მალევე ბრალდებებს საკუთარ Youtube-არხზე გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით უპასუხა. კომიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფდა.

"ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. ის პერიოდი ჩემი კარიერის საუკეთესო წლებია, ვაღიარებ, რომ გარყვნილი ცხოვრების წესი მქონდა, მაგრამ ყველა გარყვნილი ქმედება მეორე მხარესთან ყოველთვის შეთანხმებული იყო". – ამბობდა ბრენდი მიმართვაში.

ამის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში რასელ ბრენდი სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა. 

ქალი ამბობდა, რომ შემთხვევა 2010 წელს, ფილმ არტურის გადაღებებზე მოხდა, რომელშიც ბრალმდებელი ეპიზოდურ როლს თამაშობდა. როგორც ქალი იხსენებდა, იმ დღეს ბრენდი გადასაღებ მოედანზე "მთვრალი, ხელში არყის ბოთლით" მივიდა. მოგვიანებით კი, ჯერ მის წინაშე სრულიად გაშიშვლდა, შემდეგ კი აბაზანაში შესულს თავს დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა. 

ბრალმდებელმა საქმე ნიუ-იორკის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა.

კომენტარები