მედიის ცნობით, 28 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 700-მდე გაიზარდა - დაშავებულთა რიცხვმა 4 521-ს მიაღწია, ხოლო დაკარგულად ითვლება 441 ადამიანი.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიანმარში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.
USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.
ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 78 კვლავ ნანგრევებში რჩება.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის პროგნოზირებული მოდელირების მიხედვით, მსხვერპლთა რაოდენობამ შეიძლება 10 000-ს გადააჭარბოს.
"ყველა სამხედრო და სამოქალაქო საავადმყოფომ, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, კოორდინირებულად და ეფექტიანად უნდა იმუშაონ, რათა უზრუნველყონ ეფექტური სამედიცინო რეაგირება". - თქვა მიანმარის სამხედრო მთავრობის ლიდერმა, მინ აუნ ჰლაინგმა.





