მიწისძვრა მიანმარში

ახალი ცნობებით, მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 1000-ს გადასცდა

29 მარტს მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 1002-მდე გაიზარდა.

ასევე, 29 მარტს, მას შემდეგ რაც მიანმარის სამხედრო ლიდერმა, მინ აუნგ ჰლაინგმა საერთაშორისო დახმარება მოითხოვა, მიანმარში ადგილობრივი სამსახურების დასახმარებლად საერთაშორისო სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს ჩასვლა.

28 მარტს, BBC-სთან საუბრისას მინ აუნგ ჰლაინგმა თქვა, რომ ქვეყანაში მომხდარ მიწისძრვას, სულ მცირე, 144 ადამიანი ემსხვერპლა, 732 კი დაშავდა. 

სამხედრო ლიდერი დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდას მოელოდა. 

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, 28 მარტს მიანმარში ძლიერი მიწისძრვა მოხდა - აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო. 

USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.

კომენტარები