ბოსნია-ჰერცოგოვინა

ბოსნიის ლიდერი, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, რუსეთში იმყოფება

მილორად დოდიკი
EPA

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი, მილორად დოდიკი რუსეთში იმყოფება. ამის შესახებ დოდიკი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. 

ბოსნიის პროკურატურამ დოდიკის წინააღმდეგ დაკავების  ბრძანება 12 მარტს გასცა, მას შემდეგ, რაც ის სასამართლოში კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის საქმეზე არ გამოცხადდა.

მანამდე, 26 თებერვალს ბოსნიის სასამართლომ დოდიკს, რომელიც პუტინთან არის დაახლოებული და მას პერიოდულად ხვდება, ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 6 წლით თანამდებობის დატოვება დაავალა.

დოდიკმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ცენტრალურ სასამართლოს და ცენტრალურ პოლიციას რეგიონზე წვდომას უზღუდავს, რის გამოც სახელმწიფო პროკურატურამ მის წინააღმდეგ კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. 

ასევე, დოდიკს არაერთხელ გაუკეთებია სეპარატისტული განცხადებები.

2021 წლის დეკემბერში დოდიკმა სერბთა რესპუბლიკის სეცესია სცადა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან, როგორიცაა სასამართლო, საერთო შეიარაღებული ძალები და საგადასახადო სისტემა. დოდიკმა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ასევე შიშით, რომ უკრაინის კონფლიქტი ბალკანეთს გადაედებოდა, სეცესიისგან თავი შეიკავა. ის ამბობდა, რომ გეგმას აფერხებდა და არა უარს ამბობდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია, რაც 1995 წელს დეიტონის ზავის შედეგია, რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა. 

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია

კომენტარები