რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: თუ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დაიხევს, პრობლემები შეექმნება

დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დახევას ცდილობს.

"ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, მას პრობლემები შეექმნება, ძალიან დიდი პრობლემები". - თქვა ტრამპმა Air Forc One-ზე ყოფნისას.

"ჩვენ შევთანხმდით იშვიათ მინერალებზე და ახლა ის [ზელენსკი] ამბობს, "იცით, მე მინდა ხელახლა გადავხედოთ მას. თუ ის აპირებს შეთანხმების გადახედვას, მას დიდი პრობლემები ექნება". - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ზელენსკის სურს, უკრაინა იყოს NATO-ს წევრი, თუმცა "კარგად იცის, რომ ეს არ მოხდება".

28 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის მზად, აშშ-თან მინერალებზე შეთანხმების ფარგლებში, ბოლო წლებში აშშ-ს მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარება ვალად აღიაროს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან მთავარი კომპრომისები უკვე ხაზგასმული იყო საბაზისო შეთანხმებაში, რომელზეც ხელმოწერა თებერვლის ბოლოს ვერ შედგა. აღნიშნულ შეთანხმებაში გამოირიცხა, რომ აშშ-ს მიერ მიწოდებულ დახმარებას უკრაინა აანაზღაურებდა.

"ჩვენ არ მივიღებთ ვალებს, როგორც ეს ვთქვი. ეს აბსოლუტურად ცხადია ჩემთვის". - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, 27 მარტს, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გაფორმდეს და დაამატა, რომ რუსულ მხარეზეა დამოკიდებული აშშ-ს მხრიდან სანქციების გაზრდის ან შემცირების საკითხი.

"რუსეთის ხელმძღვანელობის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრავს, მოიმატებს თუ შემცირდება სანქციები და, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი არ იყოყმანებს სანქციების გაზრდაზე, თუ ეს მას მოლაპარაკებებზე უპირატესობას მისცემს". - თქვა ბესენტმა.

კომენტარები