უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის მზად, აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმების ფარგლებში, ბოლო წლებში აშშ-ს მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარება ვალად აღიაროს. ამის შესახებ მან 28 მარტს გამართულ პრესბრიფინგზე ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან მთავარი კომპრომისები უკვე ხაზგასმული იყო საბაზისო შეთანხმებაში, რომელზეც ხელმოწერა თებერვლის ბოლოს ვერ შედგა. აღნიშნულ შეთანხმებაში გამოირიცხა, რომ აშშ-ს მიერ მიწოდებულ დახმარებას უკრაინა აანაზღაურებდა.
"ჩვენ არ მივიღებთ ვალებს, როგორც ეს ვთქვი. ეს აბსოლუტურად ცხადია ჩემთვის". - თქვა ზელენსკიმ.
თუმცა, მან განმარტა, რომ უკრაინა მზადაა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სამომავლოდ გაწეული დახმარება აშშ-ს აუნაზღაუროს.
"თუ არის სამომავლო გეგმები, ახალი მხარდაჭერა, დახმარების ახალი პაკეტები, მაშინ აშშ-ს ნამდვილად შეუძლია გარკვეული პირობების დაწესება. ჩვენ გვესმის, რომ ეს გუნდი ჩვენთვის უფასოდ არაფერს გააკეთებს. ისინი ამას ოფიციალურად ამბობენ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.





