აშშ-ს კონგრესმენი, ჯო უილსონი კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას აკომენტარებს და მისი და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
უილსონი ასევე აღნიშნავს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები "წინსვლისთვის ერთადერთი გზაა".
ამის შესახებ უილსონი X-ზე წერს.
"ქართული ოპოზიციის საკვანძო ლიდერი, ელენე ხოშტარია ივანიშვილის ლაჩრულმა ანტიამერიკულმა რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა. ის და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლისთვის ერთადერთი გზაა". - წერს უილსონი.
მანამდე, ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა და მის მიმართ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ილაპარაკა.
ხოშტარიას თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ყბებზე და კბილებზე დაზიანებები მიაყენეს, დროებითი დაკავების იზოლატორში კი ძალით გააშიშვლეს.
ელენე ხოშტარია პარლამენტთან აქციაზე გუშინ დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





