რუსული რეჟიმი

ALDE: ხოშტარიას მიმართ საზარელ მოპყრობას ვგმობთ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ!

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ მოპყრობას გმობს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებ ALDE განცხადებას X-ზე ავრცელებს.

"პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ საზარელ მოპყრობას ვგმობთ და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებულების მიმართ მოპყრობის მორიგი აღმაშფოთებელი შემთხვევა. ჩვენი წევრები დემოკრატიისთვისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ". - წერია განცხადებაში. 

მანამდე, ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა და მის მიმართ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ილაპარაკა.

ხოშტარიას თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ყბებზე და კბილებზე დაზიანებები მიაყენეს, დროებითი დაკავების იზოლატორში კი ძალით გააშიშვლეს. 

ელენე ხოშტარია პარლამენტთან აქციაზე გუშინ დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები