რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ერდოღანმა და პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი
AP

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობა, შავი ზღვის უსაფრთხოება და ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობა განიხილეს. 

"თურქეთი ახლოდან აკვირდება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულების პროცესს და თურქეთი მზად არის წარმოადგინოს ნებისმიერი ტიპის დახმარება, მათ შორის, ორგანიზება გაუწიოს მშვიდობის მოლაპარაკებებს ღირსეული და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად" – წერია განცხადებაში.

ერდოღანმა და პუტინმა ასევე ისაუბრეს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივაზე. ცნობილია, რომ რუსეთი მზად არის შავ ზღვაში ცეცხლი შეწყვიტოს, თუ სანაცვლოდ ევროკავშირისგან სანქციების შემსუბუქებას მიიღებს.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ შავ ზღვაში კომერციული გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარების პროცესს, თურქეთი კი განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას, რომ შავი ზღვა კონფლიქტის ზონად არ იქცეს" – წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

25 მარტს რუსეთი და აშშ შავი ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. კრემლის მიხედვით, რუსეთი შეთანხმების ძალაში შესვლას დათანხმდება შემდეგ, რაც რუსულ ბანკებს დასავლეთის ფინანსურ სანქციები მოეხსნება და ფინანსურ სისტემა SWIFT-ში დაბრუნება შეეძლება. 

რუსეთი ითხოვს Россельхозбанк-ის მიმართ სანქციების მოხსნას. ამავდროულად,  რუსეთი მოითხოვს  შეზღუდვების მოხსნას სავაჭრო ფინანსურ ოპერაციებზე და სანქციების მოხსნას იმ კომპანიებზე, რომლებიც აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ საკვები პროდუქცია და სასუქები.

24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქში რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლების 12-საათიანი შეხვედრა გაიმართა.

25 მარტს განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც, რომლის მიხედვითაც მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმაც დაადასტურა.

უმეროვის თქმით, უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა რუსეთის მხრიდან საკუთარი სამხედრო ხომალდების ნებისმიერი სახით გადაადგილება, შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.

კომენტარები