დანია-აშშ

დანია მიესალმა გადაწყვეტილებას, აშშ-ს დელეგაცია გრენლანდიაში მხოლოდ სამხედრო ბაზას ეწვიოს

Pituffik-ის სამხედრო ბაზა
REUTERS

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დანია მიესალმება გადაწყვეტილებას, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს დელეგაციამ მხოლოდ Pituffik-ის სამხედრო ბაზა მოინახულოს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ 25 მარტს განაცხადა, რომ ვიზიტს ვიცეპრეზიდენტის მეუღლის, უშა ვენსის, ნაცვლად თავად ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს.

მათი თქმით, ვენსი ძაღლებით რბოლის შეჯიბრებას არ დაესწრება და მხოლოდ აშშ-ს სამხედრო ბაზას მოინახულებს.

"ჩვენ შევამოწმებთ როგორ მიდის იქ საქმეები". - განაცხადა ვენსმა ვიდეომიმართვაში.

"პრეზიდენტ ტრამპის სახელით, ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ გრენლანდიელი ხალხის უსაფრთხოება, რადგან ვთვლით, რომ ეს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების დაცვისთვისაა მნიშვნელოვანი".

"ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურია, რომ ამერიკელებმა გააუქმეს ვიზიტი გრენლანდიის საზოგადოებასთან. ამის მაგივრად ისინი საკუთარ ბაზას ეწვევიან და ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს". - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ტელეკომპანია DR-თან.

დანიის პარლამენტის წევრმა, კარსტენ ჰონგემ განაცხადა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება არ ეწვიოს გრენლანდიის დედაქალაქს, აუცილებელი საჭიროებით იქნა მიღებული.

"თუ ისინი დააპირებდნენ ნუკუს ან სისიმუტის მონახულებას, მათ ალბათ მოუწევდათ დემონსტრაციებთან გამკლავება, ბანერებთან და "წადით სახლში" შეძახილებთან". - თქვა ჰონგემ დანიის ტელეკომპანია TV2-სთან.

გრენლანდიის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, მუტე ეგედემ ვიზიტს "პროვოკაციული უწოდა, რადგან ის გრენლანდიის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მოლაპარაკებებს ემთხვევა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუსმა 25 მარტს განაცხადა, რომ დელეგაციის მიზანი "გრენლანდიის, მისი კულტურის, ისტორიისა და ხალხის გაცნობა" იყო.

მანამდე, დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიასა და დანიაზე დაგეგმილი ვიზიტით ზეწოლას ცდილობს

"ცხადია, რომ ეს არ არის ვიზიტი იმის შესახებ, თუ რა სურს ან სჭირდება გრენლანდიას. [...] ამიტომ, უნდა ვთქვა, რომ ეს ამ სიტუაციაში მიუღებელი ზეწოლაა გრენლანდიასა და დანიაზე. ჩვენ ამ ზეწოლას წინააღმდეგობას გავუწევთ". - თქვა ფრედერიკსენმა. 

"პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. მას გრენლანდია სურს. შესაბამისად, ეს [ვიზიტი] სხვა ყველაფრისგან დამოუკიდებლად ვერ აღიქმება". - თქვა ფრედერიკსენმა. 

როგორც ფრედერიკსენმა აღნიშნა, გრენლანდიის წარმომადგენლებმა "ნათლად" გამოხატეს, რომ "ახლა ვიზიტი არ სურთ, რადგან მთავრობა არ ჰყავთ" ამ თვეში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მისივე თქმით, "სხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კერძო ვიზიტი ვერ გექნება". 

მანამდე, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა 23 მარტს განაცხადეს, რომ აშშ-ს მეორე ლედი, უშა ვენსი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, და ენერგეტიკის მინისტრი, კრის ვრაითი, ამ კვირაში გრენლანდიაში ჩავლენ იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდი ხანია, ამბობს, რომ გრენლანდია აშშ-ს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება. 

კომენტარები