დანია-აშშ

აშშ-ს ვიზიტი გრენლანდიაში მიუღებელი ზეწოლაა – დანიის პრემიერმინისტრი

https://english.stm.dk/

დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიკსენი ამბობს, რომ აშშ გრენლანდიასა და დანიაზე გრენლანდიაში დაგეგმილი შეხვედრით "მიუღებელ ზეწოლას" ცდილობს

ამის შესახებ ფრედერიკსენმა დანიის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან, DR-სტან და TV2-თან ილაპარაკა.

"ცხადია, რომ ეს არ არის ვიზიტი იმის შესახებ, თუ რა სურს ან სჭირდება გრენლანდიას. [...] ამიტომ, უნდა ვთქვა, რომ ეს ამ სიტუაციაში მიუღებელი ზეწოლაა გრენლანდიასა და დანიაზე. ჩვენ ამ ზეწოლას წინააღმდეგობას გავუწევთ". - თქვა ფრედერიკსენმა. 

"პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. მას გრენლანდია სურს. შესაბამისად, ეს [ვიზიტი] სხვა ყველაფრისგან დამოუკიდებლად ვერ აღიქმება". - თქვა ფრედერიკსენმა. 

როგორც ფრედერიკსენმა აღნიშნა, გრენლანდიის წარმომადგენლებმა "ნათლად" გამოხატეს, რომ "ახლა ვიზიტი არ სურთ, რადგან მთავრობა არ ჰყავთ" ამ თვეში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მისივე თქმით, "სხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კერძო ვიზიტი ვერ გექნება". 

ფრედერიკსენმა ხაზი გაუსვა, რომ დანია აშშ-სთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს და ამაზე არაფერი არ მიუთითებს. მანვე თქვა, რომ აშშ-ს მხრიდან გრენლანდიელი პოლიტიკოსებისგან გზავნილების მიუხედავად ქვეყანაში ვიზიტი "პატივისცემით მოპყრობის" მაგალითი არ არის.

"ჩვენ მოკავშირეები ვართ, გრენლანდიის შესახებ თავდაცვის შეთანხმება გვაქვს, რომელიც 1951 წლით თარიღდება. არც დანიაში და არც გრენლანდიაში არანაირი მინიშნება არ არსებობს, რომ ამერიკელებთან თანამშრომლობა არ გვსურს. თუმცა, როდესაც ასეთ ვიზიტს აკეთებ და გრენლანდიელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ვიზიტი არ სურთ, ამას პატივისცემით მოპყრობად ვერ მიიჩნევ". - თქვა ფრედერიკსენმა. 

გრენლანდიის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, მუტე ეგედემ ვიზიტი "პროვოკაციად" მოიხსენია, რადგან ის მთავრობის კოალიციის მოლაპარაკებებსა და შემდეგ კვირაში დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს ემთხვევა. 

ეგედემ დანიის მოკავშირეების აშშ-ს წინააღმდეგ გრენლანდიის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა. 

"ნორდიკული ქვეყნებისგან და ევროკავშირისგან დიდი მხარდაჭერაა, ასე რომ, ჩვენი მოკავშირეები და ახლო პარტნიორები ჩვენს გვერდით დგანან". - თქვა ფრედერიკსენმა.

მანამდე, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა 23 მარტს განაცხადეს, რომ აშშ-ს მეორე ლედი, უშა ვენსი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, და ენერგეტიკის მინისტრი, კრის ვრაითი, ამ კვირაში გრენლანდიაში ჩავლენ იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდი ხანია, ამბობს, რომ გრენლანდია აშშ-ს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება. 

ცნობისთვის, 4 მარტს კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიას "ასე თუ ისე, მაინც მიიღებს". 

ხოლო 13 მარტს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს მიერ გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ გააკეთა კომენტარი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობდა იგი გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, "ეს მოხდება". 

კომენტარები