რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: რუსები ცეცხლის შეწყეტის შესახებ მანიპულირებენ, ისინი მთელ მსოფლიოს ატყუებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შავი ზღვასა და ენერგო ობიექტებზე დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მანიპულირებს.

მისი თქმით, თუ მოსკოვი შეთანხმებებს დაარღვევს ის აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს იარაღის მიწოდებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართავს.

"ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ჩვენი შეთანხმებები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ისინი ამერიკულმა მხარემ გამოაცხადა". - განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის ნდობა არ აქვს.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსეთი უკვე ატყუებს მსოფლიოს.

"სამწუხაროდ, მოლაპარაკებების დღესვე ჩვენ ვხედავთ, როგორ დაიწყეს რუსებმა მანიპულირება, ისინი უკვე ცდილობენ შეთანხმებების დამახინჯებას და ფაქტობრივად ატყუებენ  მთელ მსოფლიოს". - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კრემლი ტყუის, როცა ამტკიცებს, რომ შავი ზღვის შეთანხმება მოსკოვზე დაწესებულ სანქციებთანაა დაკავშირებული.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს შეთანხმებების შესასრულებლად, თუმცა რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში "მას ძლიერი პასუხი" მოჰყვება.

ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმებებში არ არის გაწერილი ქმედებები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მათ დაარღვევს. 

"ჩვენ რუსებს არ ვენდობით, მაგრამ ვიქნებით კონსტრუქციულები". - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე, 25 მარტს, კრემლმა გამოაქვეყნა აშშ-თან შეთანხმებული რუსეთისა და უკრაინის იმ ობიექტების სია, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს.

კრემლის რწმუნებით, სიაში ჩამოთვლილი ობიექტები "ექვემდებარება ენერგოსისტემაზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს", რომელიც ორივე მხარემ უნდა დაიცვას.

სიაში მოყვანილი ობიექტების ჩამონათვალში შედის:

  1. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები;
  2. ნავთობისა და გაზის მილსადენები და საცავები, მათ შორის სატუმბი სადგურები;
  3. ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებლები;
  4. ატომური ელექტროსადგურები;
  5. ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები.

კომენტარები