აშშ-სომხეთი

მარკო რუბიო ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, რუბიომ და ფაშინიანმა, "როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა", საერთო ინტერესები განიხილეს.

"სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას და ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას, რათა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კონფლიქტების ციკლი დასრულდეს და უსაფრთხოება და კეთილდღეობა დამკვიდრდეს". - აღნიშნა ბრიუსმა.

დეპარტამენტის განცხადებით, რუბიო და ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ "სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი სახის ესკალაცია მიუღებელია".

13 მარტს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ორი პირობა მიიღო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება გაავრცელა.

"სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიაზე თანხმობა მიღწეულია და რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია.

შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დროსა და ლოკაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, 14 იანვარს სომხეთმა და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება დადეს. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს. 

ხელის მოწერის ცერემონია აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში შედგა. 

ცერემონიაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება სომხეთისა და აშშ-ს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია. 

"ჩვენ ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. ეს კომისია სამუშაო ჩარჩოს მოგვცემს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა მრავალ საკვანძო სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სამართლიანობის, ინკლუზიისა და კომუნიკაციის საკითხებში". - განაცხადა ბლინკენმა. 

კომენტარები