უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვამ ოდესაში 39 წლის ქალი დააკავა, რომელიც მტრისთვის სამხედრო ხასიათის ინფორმაციის გადაცემაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილი რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან საკუთარი ინიციატივით თანამშრომლობდა.
ოდესის ოლქის პროკურატურის მტკიცებით, ქალმა მიიღო დავალება, ოდესის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის შესახებ.
სანაცვლოდ ეჭვმიტანილსა და მის ოჯახს რუსეთში ან ბელარუსში გადასვლასა და დასაქმებას ჰპირდებოდნენ.
უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ეჭვმიტანილი სასეირნოდ გადიოდა თავის 6 წლის შვილთან ერთად და ამ დროს ფოტოსურათებს უღებდა შესაძლო სამიზნე შენობებს და მათ კოორდინატებს Google Maps-ზე აღნიშნავდა, რის შემდეგაც ანგარიშს რუს კურატორს გადასცემდა.
ეჭვმიტანილი ქალი სამხედრო ნაწილების, სასაზღვრო სამსახურის, საზღვაო ქვეითებისა და კომპლექტაციის ცენტრების ადგილმდებარეობის შესახებ აგროვებდა ინფორმაციას. ის ასევე იკვლევდა პირადი შემადგენლობის რაოდენობასა და სამხედრო ტექნიკის არსებობას.
გამოძიების მიხედვით, ამ გზით ქალმა სულ მცირე 10 ობიექტის შესახებ მონაცემების გადაცემა მოასწრო.
ჩხრეკისას აღმოჩენილ ტელეფონსა და პლანშეტში არსებული ანონიმურ ჩატებს ის FSB-თან კონტაქტისთვის იყენებდა.
პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ეჭვმიტანილ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.