სტამბოლის მერისა და ოპოზიციონერი ლიდერის, ეკრემ ეკრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიქაიას განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ 323 ადამიანი დააკავა.
მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქში 26 მარტამდე გახანგრძლივებულ შეკრებების აკრძალვას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის პროტესტები "თეატრალურ სპექტაკლად" მოიხსენია, რისთვისაც, მისი თქმით, "თურქეთს დრო არ აქვს".
22 მარტს იმამოღლუს მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბა, სადაც პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პროკურორებმა სასამართლოს მიმართეს, რათა იმამოღლუ და მისი 4 თანაშემწე სასამართლო პროცესის დასრულებამდე პატიმრობაში დარჩნენ.
CNN Turk-ის ინფორმაციით ეს განკარგულება არ უკავშირდება ცალკე მიმდინარე გამოძიებას, რომელიც იმამოღლუს ქურთისტანის მუშათა პარტიისა (PKK) და ქურთისტანის თემთა კავშირის (KCK) დახმარებას ედავება.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, იმამოღლუსა და დაახლოებით 100 სხვა პირს კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში, გამოძალვაში, ქრთამსა და თაღლითობაში ედებათ ბრალი.
Reuters-ის ინფორმაციით, მთავრობამ განაცხადა, რომ იმამოღლუს დაკავება ერდოღანს ან მის პოლიტიკას არ უნდა დაუკავშირონ და რომ "დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის".
"თურქეთში არავინ დგას კანონზე მაღლა". - დაწერა ერდოღანმა პლატფორმა X-ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე შეტაკებების დროს თურქეთის მასშტაბით სულ მცირე 16 პოლიციელი დაშავდა.
ეკრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს.
მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, "ეს ნაბიჯი არის გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".
მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
იმამოღლუ სტამბოლის მერად 2019 წელს აირჩიეს, ხოლო 2024 წელს ეს პოსტი ხელახლა დაიკავა.
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2028 წელს არის დანიშნული. უახლოეს დღეებში თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია პრაიმერიზისთვის ემზადებოდა, სადაც იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ.