საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი პოლკოვნიკი და ორმაგი აგენტი, ოლეგ გორდიევსკი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის თანახმად, გორდიევსკი "თავის სახლში მშვიდად გარდაიცვალა". ყოფილი ჯაშუშის სიკვდილი საეჭვოდ არ განიხილება.
გორდიევსკი 1974 წლიდან 1985 წლამდე ორმაგ აგენტად მუშაობდა და გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურსა (MI6) და უშიშროების სამსახურს (MI5) სსრკ-ს საიდუმლოებების შესახებ მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.
1983 წელს გორდიევსკიმ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვას შეატყობინა, რომ სსრკ დასავლეთისგან მოულოდნელ თავდასხმას ელოდა და წინმსწრებ ბირთვულ იერიშს გეგმავდა. ამის გათვალისწინებით, NATO-მ Able Archer-ის სამხედრო წვრთნა შეაჩერა, რამაც კრიზისი განმუხტა.
1985 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც გორდიევსკი ლონდონში КГБ-ს რეზიდენტურის ხელმძღვანელად დაინიშნა, ის მოსკოვში დაიბარეს, დაბრუნების შემდეგ კი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და დაკითხეს.
რუსეთში გორდიევსკი КГБ-ის თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით მან MI6-ის დახმარებით ფინეთის საზღვრის გადაკვეთა და გაერთიანებულ სამეფოში გაქცევა მოახერხა.
ჯაშუშის მიერ რუსეთის დატოვება გაერთიანებული სამეფოს იმდროინდელმა საგარეო მინისტრმა მათი "უშიშროების ძალებისთვის მნიშვნელოვან გადატრიალებად" შეაფასა - 1985 წელს გორდიევსკის მიერ მიწოდებული ინფორმაციით სსრკ-ს 25 ფარული ჯაშუშის გაძევება მოხერხდა.