ტრამპის ადმინისტრაცია

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო დახმარების სისტემის გარდაქმნისთვის გეგმა შეიმუშავა

აქციის მონაწილეები აშშ-ს კაპიტოლიუმთან USAID-ის მხარდასაჭერად დემონსტრაციას მართავენ, 5 თებერვალი, 2025
Nathan Posner/Anadolu/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გეგმა შეიმუშავა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეცვლის ვაშინგტონის მიერ მილიარდობით დოლარის ღირებულების საგარეო დახმარების განაწილების სტრუქტურას. ინფორმაციას Reuters აშშ-ს მთავრობაში გავრცელებულ მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც გამოცემა წერს, მემორანდუმის მიხედვით, ახლადშემუშავებული გეგმის მიზანი ფონდების ისეთი სფეროებისკენ მიმართვაა, რომლებიც ახლოსაა აშშ-ს გეოპოლიტიკურ ინტერესებთან. 

მემორანდუმში აღწერილია აშშ-ს საერთაშორისო დახმარების ახლებური სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დახმარების პროგრამები ამერიკულ ინტერესებს ემსახურებიან. მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო დახმარების არსებული სისტემა ზედმეტად ფართო და ხარჯიანია და ამასთან, ვერ შეძლო, შეემცირებინა ზოგიერთი ქვეყნის დამოკიდებულება აშშ-ს დახმარებაზე. 

"გეგმა აშშ-ს საერთაშორისო დახმარების ახლებურ სტრუქტურასა და ოპერაციული პრინციპების ერთობლიობას გვთავაზობს, რაც ამერიკას გაზომვად სარგებელს ჰპირდება და ამავდროულად, მოახდენს ამერიკის რბილი ძალის პროექტირებას, გააუმჯობესებს ეროვნულ უსაფრთხოებასა და წინააღმდეგობას გაუწევს ისეთ გლობალურ მეტოქეებს, როგორიც ჩინეთია". - Reuters-ის ცნობით, აღნიშნულია მემორანდუმში. 

ამასთან, გეგმის მიხედვით შეიცვლებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელწოდება (United States Agency for International Development) სახელით აშშ-ს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების სააგენტო (United States Agency for International Humanitarian Assistance); გაუქმდებოდა სააგენტოს 20-ზე მეტი ბიურო. 

ახლად სტრუქტურირებული სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტს დაექვემდებარებოდა, ხოლო მისი საქმიანობა 4 სფეროზე იქნებოდა ფოკუსირებული, მათ შორის, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, კატასტროფებზე რეაგირებაზე, გლობალურ ჯანდაცვასა და სურსათის უვნებლობაზე. 

სხვა პროგრამები, რომლებიც ფოკუსირდებიან ისეთ თემებზე, როგორებიცაა დემოკრატიის ხელშეწყობა, რელიგიური თავისუფლება და ქალების გაძლიერება, პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტს დაექვემდებარებოდა. 

Reuters-ის ცნობით, მემორანდუმი გადახედვისთვის აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან გაიგზავნება. 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველივე დღეს აშშ-ს საგარეო დახმარების ყოველი პროგრამა 90 დღით გაყინა. მსოფლიოს მასშტაბით სამსახურებიდან გათავისუფლდა USAID-ის ათასობით თანამშრომელი. ამასთან, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს 10 მარტის განცხადებით, გაუქმდა USAID-ის პროგრამების 83%. 

კომენტარები