ენმ

ბარამიძე ვარშალომიძის დაკავებაზე: უკრაინის ხელისუფლება ჩაერთო, იმედები გამიჩნდა

კადრი ვიდეოდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ყახაზეთის ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში უკრაინის ხელისუფლება ჩაერთო. ამის შესახებ ბარამიძემ გადაცემა რეაქციაში თქვა.

"ლევანს არ აქვს საშუალება, პირადად გვეკონტაქტოს, უკვე აყვანილია ძალიან კომპეტენტური ადვოკატი, ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირების მიმართ, უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომლებიც მყისიერად იქნენ ინფორმირებული და ჩართულები არიან კომუნიკაციაში ყაზახეთის ხელისუფლებასთან, ლევანის გასათავისუფლებლად, ამ უკანონობის და გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, რათა მასთან მიმართებით არ მოხდეს ის, რაც ძალიან შესაძლებელია - ექსტრადიცია განხორციელდეს ყაზახეთიდან რუსეთში.

თუმცა, რადგან უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონე არის ჩართული, მე ძალიან სერიოზული იმედები გამიჩნდა, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა" - ამბობს ბარამიძე TV პირველზე ჩართვისას.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. პარტიის ერთერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სავარაუდოდ, საქმე ეხება "რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას".

"ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნაწილში.

არსებობს საფრთხე ექსტრადიციის, ამიტომ ახლა, ამ წუთას ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ ვეკონტაქტოთ, სწორი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში. ამ შემთხვევაში, ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია, რატომაც არის ეს საქმე აღძრული. ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა, რათა დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები