რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

სიბიგა: გვჯერა, ტრამპის ლიდერობით შეგვიძლია გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა

ანდრიი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ დელიში გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა მზად არის მშვიდობის დამყარებისთვის.

"ჩვენ არ ვართ მშვიდობის მიღწევაში დაბრკოლება. რუსული მხარისგან ცეცხლის შეწყვეტაზე უპირობო თანხმობას მოველით. [...] ჩვენი მიდგომა: ახლა არის დიპლომატიის დრო, ძლიერი დიპლომატიის. ჩვენ ასევე მართლა გვჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობით შეგვიძლია გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა" – ამბობს სიბიგა.

დღეს, 18 მარტს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება. საუბრის მთავარი თემა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა. 

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.

ამავე დღეს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია, თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებულები არ არიან.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.

"ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. თუმცა იქიდან გამოვმდინარეობთ, რომ ამ შეწყვეტამ უნდა მიგვიყვანოს ხანგრძლივ მშვიდობამდე და გადაჭრას კრიზისის ძირეული მიზეზები." - თქვა ვლადიმირ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა დეტალების ამერიკელ კოლეგებთან დაზუსტება და დაწვრილებითი მუშაობა კონტროლის მექანიზმის შესაქმნელად. ამას გარდა, მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მოსკოვი კიევს რთულად შესასრულებელ პირობებს წამოუყენებს.

საუბარში პუტინმა გამოთქვა იგივე შიში, რაც აქამდე უშაკოვმაც თქვა, რომ ამ პერიოდში უკრაინელებმა შეიძლება გადაიარაღება დაიწყონ. 

პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეძლოს კონფლიქტის ხანგრძლივ მშვიდობამდე მიყვანა და "ძირეული პრობლემების" გადაჭრა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მსგავსი პირობის წაყენება არამედ კიევზე ვაშინგტონის ზეწოლითაა განპირობებული, არამედ ბრძოლის ველზე არსებულმა რეალობებმა გამოიწვია და უკრაინელებმა აშშ-ს ეს თავად სთხოვეს.

ხოლო პუტინის განცხადებას, თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები "იმედისმომცემია", მაგრამ დაამატა, რომ ეს "არასრულია".

"პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ არასრული იყო. სასურველია ვნახოთ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის თანხმობა. იმედია რუსეთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს" - თქვა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ შეხვედრაზე.

კომენტარები