ჩინეთი-EU

FT: სი ძინფინგმა ურთიერთობების 50 წლის აღსანიშნავად EU-ს მოწვევაზე უარი თქვა

სი ძინფინგი
AP

Financial Times-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ბრიუსელში ვიზიტზე უარი თქვა, რომელიც უნდა გამართულიყო ევროკავშირი-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 50 წლისთავის აღსანიშნავად.

FT ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პეკინმა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს აცნობა, რომ პრეზიდენტ სი ძინფინგის ნაცვლად, შეხვედრას პრემიერმინისტრი ლი ციანგი დაესწრება და ის შეხვდება ევროპის საბჭოსა და კომისიის პრეზიდენტებს.

გამოცემის მიხედვით, როგორც წესი, როდესაც ღონისძიება ბრიუსელში ტარდება ჩინეთის პრემიერმინისტრი ესწრება სამიტს, ხოლო პრეზიდენტი მას პეკინში მასპინძლობს. თუმცა, ევროკავშირს სურს, რომ სწორედ სი ძინფინგი დაესწროს პეკინსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის აღნიშვნის ცერემონიას.

„არაფორმალური მოლაპარაკებები გრძელდება, როგორც ევროკავშირი-ჩინეთის სამიტის თარიღის დასაზუსტებლად, ასევე წარმომადგენლობის დონესთან დაკავშირებით“ - განუცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები