აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამხრეთ აფრიკის ელჩი აშშ-ში, ებრაჰიმ რასული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
რუბიომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში რასულს პოლიტიკოსი უწოდა, რომელიც "რასით მანიპულირებს" და "სძულს ამერიკა".
"აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩი ჩვენს დიად ქვეყანაში სასურველი სტუმარი აღარ არის. ებრაჰიმ რასული პოლიტიკოსია, რომელიც რასით მანიპულირებს, სძულს ამერიკა და სძულს აშშ-ს პრეზიდენტი.
ჩვენ მასთან არაფერზე გვაქვს სალაპარაკო და ის პერსონა ნონ გრატად არის მიჩნეული". - დაწერა რუბიომ X-ზე.
რუბიომ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას თან დაურთო კონსერვატიული გამოცემა Breitbart-ის სტატია, რომლის მიხედვითაც აშშ-ში სამხრეთ აფრიკის აწ უკვე ყოფილმა ელჩმა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექცია ჩაატარა ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისა და შედეგების შესახებ, რომლებიც ამ პოლიტიკამ სამხრეთ აფრიკას მოუტანა.
გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერის თანახმად, რასულმა ტრამპს თეთრკანიანთა უპირატესობის (white supremacy) გლობალური მოძრაობის ლიდერი უწოდა. რასულის თქმით, თეთრკანიანთა უპირატესობა ტრამპს მოტივაციას აძლევს, "შეურაცხყოს მიმდინარე ჰეგემონიური წესრიგი" მსოფლიოში, მათ შორის, ინსტიტუტები, როგორებიცაა გაერო და G20.
სამხრეთ აფრიკის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება კიდევ ერთი გამოხატულებაა ვაშინგტონსა და პრეტორიას შორის ურთიერთობების თანდათანობით გაუარესებისა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.
სამხრეთ აფრიკამ 2023 წლის დასასრულს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) ისრაელის წინააღმდეგ საქმე დააინიცირა - სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებდა.
გასულ თვეში ტრამპმა სამხრეთ აფრიკას საგარეო დახმარება შეუჩერა, რაც ერთი მხრივ, სამხრეთ აფრიკის ზემოაღნიშნულმა სარჩელმა განაპირობა ICJ-ში, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის მიწის კონფისკაციის პოლიტიკამ, რომელსაც ტრამპი დიდი ხანია, აკრიტიკებს.
ტრამპმა დაწერა, რომ სამხრეთ აფრიკაში მიწის კონფისკაციის პოლიტიკა მოქმედებს და "ხალხის გარკვეული კლასს" "ძალიან ცუდად" ეპყრობიან, რის გამოც აშშ ქვეყნის სამომავლო დაფინანსებას სრულად წყვეტს, სანამ საკითხის გამოძიება არ ჩატარდება.
ამასთან, გასულ თვეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამხრეთ აფრიკასა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის განვითარებული დაძაბულობის ფონზე G20-ის სამიტი გამოტოვა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში უნდა გამართულიყო.
"მე არ დავესწრები G20 სამიტს იოჰანესბურგში. სამხრეთ აფრიკა ძალიან ცუდ რაღაცებს სჩადის. კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას. იყენებს G20-ს 'სოლიდარობის, თანასწორობისა და მდგრადობის', სხვა სიტყვებით, DEI-სა [Diversity, Equality, Inclusivity] და კლიმატის ცვლილების მხარდასაჭერად". - წერდა რუბიო X-ზე.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ იანვარში, ქონებრივი უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, ხელი მოაწერა სადავო კანონს, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, მოახდინოს მიწის ექსპროპრიაცია მესაკუთრის ანაზღაურების გარეშე. აპარტეიდის დროს რასობრივი ნიშნით ქონებრივი უთანასწორობა მკვეთრად გაიზარდა, რომლის შედეგებსაც სამხრეთ აფრიკა დღემდე ებრძვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპი დაიმუქრა, რომ სამხრეთ აფრიკას ამერიკულ დაფინანსებას შეუწყვეტდა და ქვეყანა "მიწის კონფისკაციასა და ადამიანთა კონკრეტული კლასების მიმართ ძალიან ცუდ მოპყრობაში" დაადანაშაულა.
მან საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა, რომ სამხრეთ აფრიკაში "ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა, სულ მცირე, ყველას დასანახად ხდება".
"აშშ არ შეეგუება ამას, ჩვენ ვიმოქმედებთ. ამასთან, მე შევწყვეტ სამხრეთ აფრიკისთვის განკუთვნილ ყველა სამომავლო დაფინანსებას, სანამ ამ სიტუაციაზე გამოძიება არ დასრულდება!". - დაწერა ტრამპმა.
რამაფოზამ ტრამპის საპასუხოდ თქვა, რომ სამხრეთ აფრიკის მთავრობას "მიწის კონფისკაცია არ მოუხდენია".
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის თქმით, მიღებული კანონი "არა კონფისკაციის ინსტრუმენტი, არამედ კონსტიტუციურად განსაზღვრული სამართლებრივი პროცესია, რომელიც, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, უზრუნველყოფს საჯარო წვდომას მიწასთან სამართლიანად და მართებულად".
"სამხრეთ აფრიკას, როგორც აშშ-სა და სხვა ქვეყნებს, ყოველთვის ჰქონდა ექსპროპრიაციის კანონები, რომლებიც აბალანსებდა მიწის საჯარო მოხმარების საჭიროებასა და საკუთრების მფლობელთა უფლებების დაცულობას. ჩვენ მიწის რეფორმის პოლიტიკასთან და ორმხრივი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას ველით". - ამბობდა რამაფოზა.





