აშშ-სამხრეთ აფრიკა

ტრამპის თქმით, აშშ სამხრეთ აფრიკას დახმარებას უწყვეტს, რადგან ის მიწის კონფისკაციას ახდენს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში აღმასრულებელ ბრძანებებს აწერს ხელს, 20 იანვარი, 2025
Jim Watson/AFP/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ სამხრეთ აფრიკაში მიწის კონფისკაციის პოლიტიკა მოქმედებს და "ხალხის გარკვეული კლასს" "ძალიან ცუდად" ეპყრობიან, რის გამოც აშშ ქვეყნის სამომავლო დაფინანსებას სრულად წყვეტს, სანამ საკითხის გამოძიება არ ჩატარდება.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა

"სამხრეთ აფრიკა მიწის კონფისკაციას ახდენს და ხალხის გარკვეულ კლასებს ძალიან ცუდად ეპყრობა. ეს ცუდი ვითარებაა, რომლის ხსენებაც კი არ სურს რადიკალურ მემარცხენე მედიას. ყველა ჩვენგანის თვალწინ, სულ მცირე, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა ხდება. აშშ ამას არ მოითმენს, ჩვენ ვიმოქმედებთ. ასევე, სამხრეთ აფრიკას ყველანაირ სამომავლო დაფინანსებას შევუწყვეტ, სანამ ამ ვითარების სრული გამოძიება არ დასრულდება!" - წერს ტრამპი.

იანვარში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც, წინა კანონმდებლობისგან განსხვავებით, სახელმწიფოს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიწის ექსპროპრიაციის საშუალებას აძლევს. 

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის პოსტის საპასუხოდ განცხადება დაწერა, რომელშიც უარყოფს, რომ ექსპროპრიაციის შესახებ ახლად მიღებული კანონი განსაკუთრებულია. სამინისტროს მიხედვით, სჯერათ, რომ "პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები გამოძიების პერიოდს სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციური დემოკრატიის ჩარჩოში არსებული პოლიტიკის საგულდაგულოდ გაგებისთვის გამოიყენებენ".

ტრამპის განცხადების შემდეგ რამაფოსამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამხრეთ აფრიკა მიწის კონფისკაციას არ ახდენს და ახლად მიღებული კანონი კონფისკაციის შესახებ "კონფისკაციის ინსტრუმენტი" არ არის, არამედ "კონსტიტუციურად უფლებამოსილი კანონიერი პროცესი, რომელიც მიწაზე საჯარო წვდომას სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გზით უზრუნველყოფს, როგორც ეს კონსტიტუციით არის ნაკარნახევი".

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ "PEPFAR (პრეზიდენტის საგანგებო პროგრამა შიდსის დახმარებისთვის), აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროგრამა შიდსის პრევენციისთვის, სამხრეთ აფრიკის აივ ინფექციის/შიდსის პროგრამის 17%-ს შეადგენს", თუმცა სხვა მხრივ სამხრეთ აფრიკა აშშ-სგან პირდაპირ დახმარებას არ იღებს.

ახალი კანონი სახელმწიფოს მიწის ექსპროპრიაციის უფლებას აძლევს, თუკი ეს "სამართლიანი და თანასწორუფლებიანია და საჯარო ინტერესში არის". მიწის ექსპროპრიაცია დასაშვები იქნება, მათ შორის, მაშინ, თუკი საკუთრება საზოგადოებისთვის რისკს წარმოადგენს ან არ გამოიყენება და მისი გამოყენებით დოვლათის წარმოქმნის განზრახვა არ არსებობს. 

მანამდე, სამხრეთ აფრიკაში 1975 წლის ექსპროპრიაციის აქტი მოქმედებდა, რომელიც სახელმწიფოს მიწის მფლობელის ფინანსურ ანაზღაურებას ავალდებულებდა. 

პრეზიდენტის სპიკერმა, ვინსენტ მაგვენიამ თქვა, რომ ახალი კანონი სახელმწიფოს "არ შეუძლია საკუთრების ექსპროპრიაცია სხვა მიზეზებისთვის, გარდა [...] საზოგადოებრივი ინტერესისა". 

კომენტარები