თეატრალური უნივერსიტეტი

შალუტაშვილი: დღეს არის უკვე აუცილებლობა დიალოგის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანაარსებობა

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სადაც მონაწილეობას სტუნდეტებიც იღებდნენ, მისვლის ნაცვლად ჩაერთო. წამყვანმა, მაკა ცინცაძემ გადაცემის დაწყებამდე განაცხადა, რომ "მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გიორგი შალუტაშვილი ფიქრობს, რომ საკითხი ამოწურულია დებატებისთვის და ის გადაცემის მიმდინარეობისას ჩაგვერთვება."

მიღებულ გადაწყვეტილებაში წამყვანმა სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების გაუქმება იგულისხმა. გადაცემაში ჩართვისას შალუტაშვილმა დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მზად არის ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.

"მე არ მინდა რომ რამე სახის კონფრონტაციის ესკალაცია მაინც დაიწყოს ოდნავ, დღეს არის უკვე აუცილებლობა დიალოგის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანაარსებობა, თანამშრომლობა, სწავლა და რასაკვირველია, მე მზად ვარ გავითვალისწინო, გაგებით მოვეკიდო სტუდენტების ყველა წინადადებას, რომელიც არ შეზღუდავს სხვების თავისუფლებას. ეს არამხოლოდ ჩემი პირადი მზაობაა და მე ველოდები ყველა სტუდენტს, პედაგოგ-მასწავლებელს, რომ ამ სულისკვეთებით გავაგრძელოთ ურთიერთობა. მზად ვარ ყოველგვარი წინაპირობებისა და წინააღმდეგობის გარეშე მივიღო სტუდენტების ყველა კითხვა და ყველა პრობლემურ საკითხზე დავიწყოთ მსჯელობა, გვაქვს ამისი სივრცე, გვაქვს ჩვენი ტელევიზია, სადაც შეგვიძლია გავხსნათ, მაგალითად, სადისკუსიო კლუბი.

[...] ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მთავარი მოხერხდეს - არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და პარალელურად არსებობდეს პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც სხვა ადამიანის უფლებებს არ დაარღვევს. მე ვფიქრობ, რომ ეს უპრობლემოდ შეიძლება მოხერხდეს, ასეთი რამ ხდება მსოფლიოს უამრავ სასწავლებელში, მაგრამ ხდება შეთანხმების საფუძველზე. ჩვენ ვმოქმედებთ წესდებით, ამ წესდებას უნდა ვემორჩილებოდე მეც და სტუდენტიც." - განაცხადა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა

10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შალუტაშვილისა და სტუდენტების დებატი შედგებოდა, თუმცა ამავე დღეს დავითულიანმა განაცხადა, რომ რექტორმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა და "სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა."

14 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ რექტორის განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იგი სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილებას აუქმებს

კომენტარები