14 მარტს, გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სახელმწიფო სესხის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ მომავალ კვირაში პარლამენტში კენჭისყრამდე მწვანეების პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყარო უყვება.
წყაროები გერმანიის პარლამენტიდან Reuters-ს უყვებიან, რომ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პირები სესხის შეთანხმებას უკვე განიხილავენ. ხოლო, კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ შეთანხმების გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება.
მერცს სურს, რომ გერმანიის მოქმედმა პარლამენტმა დაამტკიცოს 500 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსება ინფრასტრუქტურისთვის და ასევე მსხვილი ცვლილებები სესხის აღების წესებში, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სამხედრო ხარჯების გაზრდას შეუწყობს ხელს.
Reuters წერს, რომ მერცი, რომელმაც გასულ თვეში არჩევნებში გაიმარჯვა, ცდილობს სახელმწიფო სესხის აღების წესებში ცვლილებები ახალი პარლამენტის შეკრებამდე, 25 მარტამდე, მოასწროს, რადგან ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილებები შესაძლოა დაბლოკოს გაფართოებულმა ულტრა მემარჯვენე და მემარცხენე ძალებმა.
საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად, მერცის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას და სავარაუდო სამომავლო კოალიციურ პარტნიორს, სოციალ-დემოკრატებს მწვანეების მხარდაჭერა სჭირდებათ.
4 მარტს, გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ საკონსულტაციო მოლაპარაკებების ფარგლებში, შეთანხმებას მიაღწიეს ასობით მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსების პაკეტზე. ამის შესახებ გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, მარკუს ზიოდერთან (CSU), ლარს კლინგბაილთან (SPD) და სასკია ესკენთან (SPD) ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
შეთანხმების მიხედვით, მშპ-ს 1%-ზე მეტის ღირებულების თავდაცვის ხარჯები შიდა სახელმწიფო ვალის შეზღუდვებისგან უნდა გათავისუფლდეს. ასევე, უნდა შეიქმნა 500 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდი, რომელიც მომდევნო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს მოხმარდება.





