პანამის არხი

ჩინეთი CK Hutchison-ს მოუწოდებს, "კარგად დაფიქრდეს" პანამის არხის პორტების გაყიდვამდე – FT

ლიბერიული ბალკერი NSU Challenger პანამის არხში, 19 აპრილი, 2023
REUTERS/Aris Martinez

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ჰონგ-კონგური კომპანია CK Hutchison-ის აქციის ფასები 6%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ის პანამის არხის პორტების გაყიდვის გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. ჩინეთის თქმით, კომპანია "კარგად უნდა დაფიქრდეს" ამერიკულ BlackRock-თან დადებულ $22.8-მილიარდიან შეთანხმებასთან დაკავშირებით.

Finantial Times წერს, რომ მწვავე კრიტიკის შემცველი კომენტარი, რომელიც შეთანხმების მისაღწევად "საძულველი საშუალებებით" წნეხის გამოყენებისთვის აშშ-ს ესხმოდა თავს, თავდაპირველად ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ ჰონგ-კონგურ გაზეთ Ta Kung Pao-ში გამოქვეყნდა და შემდგომ ჩინეთის ტერიტორიულ საკითხთა უმაღლეს უწყებამაც გამოაქვეყნა.

"[კრიტიკოსები] ამბობენ, რომ ეს უხერხემლო, მლიქვნელური, მოგებაზე ორიენტირებული ნაბიჯია, რომელიც საკუთარ პატიოსნებას პირად მოგებაზე ყიდის, და ქმედებაა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფს... [რაც] ღალატობს და გაცემაა ყველა ჩინელი ხალხის". - ეწერა გამოქვეყნებულ მოსაზრებაში. 

გამოქვეყნებული სტატიის მტკიცებით, აშშ ჩინეთის საზღვაო ვაჭრობას შეზღუდავს და, შესაბამისად, CK Hutchison-ს მოუწოდა "კარგად დაფიქრდეს" იმაზე, თუ "რა პოზიციასა და მხარეს უნდა იყვნენ ისინი".

პანამის არხის გარშემო დაძაბულობა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით დაიწყო, როდესაც მან აღნიშნა, რომ აშშ "უკან დაიბრუნებს" პანამის არხს. მისი თქმით, პანამამ აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია, რომელიც პანამის არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა.

პანამის არხთან დაკავშირებით უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომაც ისაუბრა. მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, ჩინეთი აშშ-სთვის არხის ჩაკეტვას შეეცდება. 

4 მარტს ჰონგ-კონგურმა კომპანიამ, რომელიც პანამის არხის ორივე მხარეს არსებულ პორტებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ ამერიკული კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელობის მქონე საინვესტიციო ჯგუფისთვის საკუთარი წილის მიყიდვაზე დათანხმდა.

ამ გარიგებით გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პორტები ამერიკული კორპორაციული მფლობელობის ქვეშ გადავა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ არხის ჩინური კონტროლის ქვეშ ყოფნა მიუღებელია და მოითხოვდა, რომ არხზე კონტროლი აშშ-ს უნდა ჰქონდეს.

პანამის არხს თავად პანამა აკონტროლებს, თუმცა არხის ორივე მხარეს არსებული ორი პორტი ჰონგ-კონგური კომპანია Hutchison Ports PPC-ის კონტროლქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ Hutchison და მისი მშობელი კომპანია CK Hutchison Holdings ჩინეთის მთავრობის მფლობელობაში არ არიან, ისინი ექვემდებარებიან ეროვნული უსაფრთხოების კანონს, რომელიც ჩინეთმა ჰონგ-კონგში 2020 წელს შემოიღო.

განცხადების მიხედვით, კომპანია პორტებში საკუთარ წილს $22.8 მილიარდის ღირებულების შეთანხმების ფარგლებში გაყიდის. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება 23 ქვეყანაში 43 პორტს მოიცავს, მათ შორის პანამის არხის ორ ტერმინალსაც. შეთანხმებას ახლა პანამის მთავრობის მხრიდან დამტკიცება დასჭირდება. 

აშშ-მ პანამის არხი 1904-1914 წლებში ააშენა მას შემდეგ, რაც 1903 წელს პანამას კოლუმბიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა. პანამასთან დადებული შეთანხმებით, არხის ზონა შეიქმნა, რომელიც აშშ-ს კონტროლქვეშ უნდა ყოფილიყო, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ პანამის რესპუბლიკისთვის არხის გადაცემის გადაწყვეტილება აშშ-ს 39-ე პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა მიიღო.

1977 წელს ხელმოწერილი ტორიხოს-კარტერის ხელშეკრულებით, არხის პანამის კონტროლქვეშ გადასვლის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო და 1999 წლის 31 დეკემბერს სრულად გადაცემით დასრულდა.

შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, კარტერის პოზიცია იყო, რომ არხის გადაცემა პანამის სუვერენიტეტის პატივისცემისა და ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო. ცნობისთვის, ტორიხოს-კარტერის შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს აქვს უფლება, არხის მართვაში ჩაერიოს, თუკი მისი ნეიტრალიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კომენტარები