რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტაზე: დღეზე მეტია რუსეთის პასუხი არ ყოფილა, ომის გაგრძელება სურთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის პრესს სამსახური

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ის შეხვდა უკრაინის დელეგაციას, რომელმაც გააცნო საუდის არაბეთში, ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ს მოლაპარაკებების დეტალები.

"მოხარული ვარ, რომ საუბარი მთლიანად კონსტრუქციული იყო. უკრაინა მზადაა სწრაფად გადადგას ნაბიჯები მშვიდობისკენ და ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი საიმედო, მდგრადი და ღირსეული მშვიდობის დასამყარებლად. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდებს სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების აღდგენისათვის" - დაწერა ზელენსკიმ.

ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნა გამოთქვა, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.

"ასეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კონტროლი მნიშვნელოვან საკითხად რჩება და ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს მზადყოფნას, უზრუნველყოს მისი ტექნიკური მხარე" - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთახმებაზე

ასევე, ზელენსკი ხაზს უსვამს რუსეთის სურვილს გაგრძელდეს ომი:
"სამწუხაროდ, უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადავადება სურს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ს ზეწოლა საკმარისი იქნება, რათა რუსეთს ომის დასრულება აიძულოს".

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე წერს, რომ უკრაინა "მზადაა კონსტრუქციულად იმუშაოს ყველა პარტნიორთან ამერიკაში, ევროპაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ვინც მშვიდობის დამყარებას უჭერს მხარს"

დღეს, 13 მარტს საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლმა, იური უშაკოვმა თქვა, კრემლი დროებითი ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული არ არის.

კომენტარები