Tesla-ს დილერებზე ძალადობა შინაურ ტერორიზმად შეფასდება, ხოლო დამნაშავეები
"ჯოჯოხეთს გაივლიან" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელისა და მისი მოკავშირის, ილონ მასკის მხარდასაჭერად.
მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტი თეთრ სახლში ილონ მასკთან ერთად გამოჩნდა და თავისი პერსონალის მომსახურებისთვის ახალი Tesla-ს შერჩევა განიხილა, ავტომწარმოებლის აქციები სამშაბათს თითქმის 4%-ით გაიზარდა.
ბოლო პერიოდში, ილონ მასკის წინააღმდეგ აქტიურად იმართება ე.წ. Tesla Takedown სახელით ცნობილი პროტესტები. მასკი მონაწილეობს ფედერალური სამუშაო ძალის მასშტაბურ შემცირებაში, რომელიც ტრამპის ბრძანებით ხორციელდება, ასევე კონტრაქტების გაუქმებაში, რომლებიც ჰუმანიტარულ პროგრამებს აფინანსებს მთელ მსოფლიოში. ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობს.
"ისინი დიდ ამერიკულ კომპანიას ავნებენ" – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში, პროტესტანტებზე საუბრისას. მის გვერდით იდგა ილონ მასკი, ხოლო, თეთრი სახლის რეზიდენციასა და გაზონებს შორის, რიგში ჩალაგებული იყო რამდენიმე Tesla-ს (TSLA.O) ავტომობილი.

"მოდის ასე გეტყვით, თუ ამას Tesla-ს ან ნებისმიერ სხვა კომპანიას გაუკეთებთ, ჩვენ გიპოვით, და... ჯოჯოხეთს გაივლით" - თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჰარისონ ფილდსმა აღნიშნა, რომ "რადიკალი მემარცხენე აქტივისტების მხრიდან Tesla-ს წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი ძალადობრივი ქმედებები არაფრით განსხვავდება შინაური ტერორიზმისგან".

გასულ კვირას დაახლოებით 350 დემონსტრანტი აპროტესტებდა Tesla-ს ელექტრომობილების დილერობას პორტლენდში, ორეგონის შტატში. ხოლო მარტის დასაწყისში, ნიუ-იორკში მდებარე Tesla-ს დილერობის წინ გამართული პროტესტის დროს ცხრა ადამიანი დააკავეს.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია Tesla-ს ავტომობილებზე და შოურუმებზე ვანდალიზმის შემთხვევების შესახებ, რომლებიც ამჟამად გამოძიების პროცესშია.
Tesla Takedown-ის პროტესტების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელმაც სოციალურ ქსელ Bluesky-ზე განცხადება გაავრცელა, აღნიშნა, რომ მათი მოძრაობა მშვიდობიანია და ძალადობას ეწინააღმდეგება.

"მშვიდობიანი პროტესტი საჯარო სივრცეში შინაური ტერორიზმი არ არის. ისინი ცდილობენ შეგვაშინონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ" – ნათქვამია განცხადებაში. ჯგუფმა ასევე მოუწოდა ხალხს, პროტესტებს შეუერთდნენ.
20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიამ თავი მოუყარა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს. იმ დროს, ღონისძიებაზე მყოფი მილიარდერები, მათ შორის, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და მარკ ზაკერბერგი, ყველაზე მდიდრები იყვნენ, ვიდრე ცხოვრების ნებისმიერ სხვა ეტაპზე, ვინაიდან აშშ-ს ადმინისტრაციაში ტრამპის მოსვლა მეტად პოზიტიურად აისახა მათი კომპანიების სააქციო ფასებზე.
თუმცა ახლა, ინაუგურაციიდან დაახლოებით 7 კვირის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ბოლო მონაცემებით, ტრამპის ინაუგურაციის დამსწრე მილიარდერებიდან 5 ყველაზე მდიდარი ადამიანის - ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, მარკ ზაკერბერგის, სერგეი ბრინისა და ბერნარდ არნოს ქონება, Bloomberg Billionaire Index-ის თანახმად, ჯამში $209 მილიარდით შემცირდა.
დაეცა მრავალი გიგანტი კომპანიის აქციების ფასებიც. სააქციო ფასების ყველაზე დიდი დღიური კლება ილონ მასკის Tesla-მ განიცადა, 15.4%-ით. Nvidia-ს აქციების ფასი 5.1%-ით დაეცა. Apple-მა, Alphabet-მა და Meta-მ 4%-ზე მეტის ვარდნა განიცადეს. Microsoft-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტი, ხოლო Amazon-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა.





