რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Axios: მაღალჩინოსნის თქმით, ბოლო დღეებში რუსეთის ქმედებების გამო ტრამპის ბრაზი ძლიერდება

გამოცემა Axios-თან საუბრისას თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ბოლო დღეებში რუსეთის ქმედებების გამო "ტრამპის ბრაზი ძლიერდება", რადგან ტრამპი ორივე მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, ამის ფონზე კი რუსეთი უკრაინაზე იერიშებს აძლიერებს. 

დღეს, 7 მარტს, ტრამპი რუსეთს სანქციების გამკაცრებით და ტარიფებით დაემუქრა. 

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ამჟამად აბსოლუტურად "ანადგურებს" უკრაინას საბრძოლო ველზე, მე სერიოზულად განვიხილავ მასშტაბურ საბანკო სანქციების, სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, სანამ არ მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება. რუსეთსა და უკრაინას – დაუყოვნებლივ დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, სანამ ძალიან გვიანი არ არის. გმადლობთ!" - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ მხარესთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მოლაპარაკებების სირთულეების ფონზე, აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა. 

უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებაზე ინფორმაცია 5 მარტს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმაც დაადასტურა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეკამათება მოხდა.

ამასთან, რეტკლიფის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წინა დღით გავრცელებული განცხადების შემდეგ, მისი აზრით, უკრაინასთან სამხედრო და სადაზვერვო კუთხით აღებული პაუზა დამთავრდება და მხარეები მუშაობას გააგრძელებენ.

3 მარტს ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

კომენტარები